– ადრე, – ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად ადამიანებისთვის; და ჩამოავლინა ფურყანიც*. ჭეშმარიტად, ვინც უარყვეს ალლაჰის აიათები, მათთვისაა მძიმე სატანჯველი. და ალლაჰი უძლეველია, საზღაურმგები.
*ორიგინალი – „ალ-ფურყან“ (الفرقان) : ჭეშმარიტების მცდარისგან, სიმართლის ტყუილისგან, კეთილის ბოროტისგან, ჰალალის ჰარამისგან – განმასხვავებელი მტკიცებულებები და ნიჭი. აღნიშნული დახასიათებიდან გამომდინარე, ფურყანი არის ყურანის ერთ-ერთი სახელი.
იგია, ვინც ჩამოავლინა შენზე წიგნი, მასშია მუჰქემი* აიათები, როგორც წიგნის დედაბოძი, და დანარჩენი – მუთეშაბიჰი**. ისინი კი, ვისაც გულებში უზით სიმრუდე, – ფითნას გამოწვევისთვისა და მათი განმარტების სურვილით მხოლოდ იმ ნაწილს მიჰყვებიან, რაც მუთეშაბიჰია***, რომლის ახსნაც არავინ იცის, გარდა ალლაჰისა. ღრმადმცოდნენი ამბობენ: ჩვენ გვწამს ის (ყურანი), ყველა ჩვენი ღმერთისგანააო (მუჰქემიც და მუთეშაბიჰიც). სხვა ვინ გაიაზრებს ამას, თუ არა გონიერნი.
*ორიგინალი – „მუჰქემ“ (محكم): მყარი, მტკიცე ან ურყევი. წმინდა ყურანში მუჰქემად იწოდება ყველა ის სიტყვა და აიათი, რომელთა მნიშვნელობებიც იმდენად ცხადია, რომ დამატებითი განმარტებების გარეშეც გასაგებია ყველასთვის და ეს თავისივე სიცხადე გამორიცხავს განსხვავებული აღქმა–გამოხატვის შესაძლებლობას.
**ორიგინალი – „მუთაშაბიჰ“ (متشابه): მსგავსი. წმინდა ყურანში მუთეშაბიჰად იწოდება ყველა ის სიტყვა და აიათი, რომლებიც დამატებითი განმარტების გარეშე, პირდაპირი მნიშვნელობით, არ აიხსნება; ან ყველა ის სიტყვა და აიათი, რომელთა ახსნაც ალლაჰის გარდა არავინ იცის. ეს სიტყვები და აიათები ხშირად ერთდროულად რამდენიმე განსხვავებული ახსნა–გამოხატვის საშუალებას იძლევა, რის გამოც მას მუთაშაბიჰი, ანუ მსგავსი ეწოდება. მსგავსება იმაში მდგომარეობს, რომ თავისი მნიშვნელობით რამდენიმე საკითხს ერთდროულად ემსგავსება და მათ შორის არჩევანის გაკეთება რთულდება.
***აიათში ხსენებულთა ვინაობის შესახებ მუფესსირებმა რამდენიმე განსხვავებული აზრი დააფიქსირეს: რაბი’ი ამბობს: ესენი არიან ადამიანთა ჯგუფი ნაჯრანისა, რომლებიც მუჰამმედ შუამავალს ﷺ ‘ისა عليه السلام შუამავლის შესახებ ეკამათებოდნენ. მათ ასეთი კითხვა დასვეს: განა თქვენ არ ამბობთ, რომ ის არის ალლაჰის სიტყვა და სული მისგან? როდესაც შუამავალმა ﷺ უთხრა – დიახო, მათ თქვეს: ჩვენთვის ეს საკმარისია. ეს აიათი სწორედ ამ დიალოგის შემდეგ ჩამოევლინა. ქელბის გადმოცემის თანახმად, ესენი იუდეველები არიან, რომლებიც მუთაშაბიჰ აიათებზე დაყრდნობით ამ უმმეთის სიცოცხლის ხანგრძლივობის გამოცნობას ცდილობდნენ. ყათადე, როდესაც ამ აიათს კითხულობდა, ამბობდა, რომ ესენი არ ვიცი სხვა ვინ უნდა იყვნენ, თუ არა ხარიჯიტებიო. ასევე, ერთ ერთი ვერსიის თანახმად, ამ აიათში ყველა მობიდათე იგულისხმება. იხ. თაფსირულ ბეღავი.
ღმერთო ჩვენო! არ გაგვიმრუდო გულები, მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტ გზაზე დაგვაყენე*, და წყალობა მოიღე ჩვენზე შენი წიაღიდან, ჭეშმარიტად, შენა ხარ უხვმწყალობი.
*მას შემდეგ, რაც შენი წიგნის მიმართ, მუჰქემისა და მუთეშაბიჰის განუსხვავებლად, მტკიცე რწმენა გვიწყალობე.
მსგავსად ფარაონის მოდგმისა და იმათი, ვინც იყვნენ მათზე ადრე. მათ უარყვეს ჩვენი აიათები/სასწაულები, მერე ალლაჰმა სასჯელით შეიპყრო ისინი, თავიანთი ცოდვების გამო. ალლაჰი მკაცრსასჯელიანია.
მართლაც საოცრება იყო თქვენთვის იმ ორ ჯგუფში, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათგან ერთი ჯგუფი ალლაჰის გზაზე იბრძოდა, მეორე კი იყო ურწმუნო. ისინი თავიანთი თვალით ხედავდენენ, რომ ორჯერ მეტნი იყვნენ, მაგრამ ალლაჰი მას გააძლიერებს შემწეობით, ვისაც ინებებს. ჭეშმარიტად, თვალსაჩინო მაგალითია ეს მათთვის, ვისაც განჭვრეტა შეუძლია*.
*საუბარია 624 წლის 13 მარტს (ჰიჯრეთის მეორე წელი 17 რამადანი) დატრიალებულ ბრძოლაზე, სადაც მუსლიმთა რაზმი 313 მებრძოლისგან შედგებოდა, ხოლო მექქელი მუშრიქები 900 კაციანი ჯარით იბრძოდნენ. ეს ორი ჯარი როგორც რიცხობრივად, ასევე სამხედრო აღჭურვითაც იყო არათანაბარი: მუსლიმებს 2 ცხენი და 70 აქლემი ჰყავდათ, ხოლო მუშრიქებს 100 ცხენი და 170 აქლემი. მუსლიმები საბრძოლო იარაღებისა და ჯაჭვის პერანგების ნაკლებობასაც განიცდიდნენ, თუმცა ალლაჰის დახმარებით ამ ბრძოლაში მაინც მუშრიქები დამარცხდნენ.
მოკაზმულა და მიმზიდველად ქცეულა ადამიანებისთვის ქალების, შვილების, უთვალავი ოქრო-ვერცხლის, ლამაზი ცხენების, შინაური პირუტყვისა და სახნავ-სათესის მიმართ სიყვარული. ეს ყველაფერი ამქვეყნიური ცხოვრების დროებითი სარგებელია, საუკეთესო მისაქციელი კი ალლაჰთანაა.
უთხარი: გინდათ გაცნობოთ ამაზე უკეთესის შესახებ? ვინც (ღვთის) მოშიშია, მათთვის სამოთხეები თავიანთ ღმერთთანაა, რომლის ქვეშაც მდინარეები მიედინებიან და იქ იქნებიან მარადჟამს – განწმენდილი მეუღლეებითა და ალლაჰის კმაყოფილებით. ალლაჰი მსახურთა მხედველია.
დაამოწმა ალლაჰმა, რომ არ არსებობს მის გარდა სხვა ღვთაება, ასევე ამოწმებენ ანგელოზები და ცოდნის მფლობელნი, რომლებიც მტკიცედ იცავენ სამართლიანობას. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი – ძლევამოსილის, ბრძენისა.
ჭეშმარიტად, ალლაჰის წინაშე (მიღებული) სარწმუნოება არის ისლამი. ვისაც წიგნი ებოძათ, მათ მოშურნეობით მხოლოდ მას შემდეგ გამოავლინეს უთანხმოება, რაც ცოდნა მიეცათ*. და ვინც უარყოფს ალლაჰის აიათებს, ჭეშმარიტად, ალლაჰი მსწრაფლანგარიშმგებია.
*ქელბიმ თქვა: ეს აიათი იუდეველებისა და ქრისტიანების შესახებ ჩამოევლინა, რადგანაც მათ ისლამს ზურგი შეაქციეს. წიგნბოძებულთა წინასწარ იყო ნამახარობლები მუჰამმედის ﷺ შუამავლობა და ეს ცოდნა მათ უკვე მიღებული ჰქონდათ. იხ. თაფსირუ ბეღავი.
და თუ შემოგედაონ, მაშინ უპასუხე: პიროვნულობა ჩემი – ალლაჰს დავუმორჩილე, და იმათაც (დაუმორჩილეს), ვინც ჩემი მიმდევარიაო. და უთხარი მათ, ვისაც წიგნი ებოძათ, ასევე, უწიგნურებს (წარმართებს): ,,თქვენც დაემორჩილეთ?" – და თუ დაემორჩილნენ, მაშინ ცხადია, ჭეშმარიტ გზაზე დამდგარან*, ხოლო თუ პირი იბრუნეს, ჭეშმარიტად, შენი მოვალეობა მხოლოდ მიწვდენაა. ალლაჰი მსახურთა მხედველია.
*როდესაც შუამავალმა ﷺ ეს აიათი წაიკითხა, წიგნბოძებულებმა თქვეს, რომ ჩვენც დავემორჩილეთო. ამ დროს შუამავალმა ﷺ იუდეველებს უთხრა: დაამოწმებთ რომ ‘უზეირი ალლაჰის მსახური და შუამავალია? მათ თქვეს: ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ‘უზეირი ალლაჰის მსახურად ვაღიაროთო. ასევე უთხრა ქრისტიანებსაც: დაამოწმებთ, რომ ‘ისა არის ალლაჰის სიტყვა, მისი მსახური და შუამავალი? მათ თქვეს: ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ‘ისა ალლაჰის მსახურად ვაღიაროთო. იხ. თაფსირუ ბეღავი.
ჭეშმარიტად, ვინც უარყოფენ ალლაჰის აიათებს, უსამართლოდ ხოცავენ მაცნეებს და ხოცავენ იმ ადამიანებსაც, ვინც სამართლიანობისკენ მოუწოდებს, – მიახარე მათ მწარე სატანჯველი.
განა ვერ ხედავ იმათ, ვისაც ხვედრი ერგოთ წიგნისა? აკი, მოიხმეს ისინი ალლაჰის წიგნთან, რათა მას განესაჯა მათ შორის*? შემდეგ პირი იბრუნა ერთმა ნაწილმა, და ისინი არიან ზურგშემქცევნი.
*ყათადეს შეხედულებით, ეს წიგნი იყო ყურანი, რომლით მსაჯულობისკენაც მოუწოდა მუჰამმედ შუამავალმა ﷺ იუდეველებს, თუმცა მათ ამაზე უარი განაცხადეს. იბნი აბბასის შეხედულებით, ეს წიგნი იყო თევრათი. მუჰამმედ შუამავალმა ﷺ მათ თევრათით მსაჯულობისკენ მოუწოდა, თუმცა მათ ამას არ მიუახლოვდნენ, რადგანაც ამით მათი ინტერესები ზიანდებოდა. იხ. თაფსირულ ბეღავი.
ასე იმიტომ იქცევიან, რომ თქვეს: ვერ შეგვეხება ცეცხლი ჩვენ, გარდა რამდენიმე გათვლილი დღისაო*. ამრიგად, მათივე შეთხზულმა ცილისწამებამ შეაცდინა ისინი თავიანთ რწმენაში.
*მათი თქმით, ეს ის ორმოცი დღეა, როდესაც თავიანთმა წინაპრებმა ხბოს კერპს ეთაყვანნენ.
და რა იქნება მაშინ, როცა შევკრებთ მათ იმ დღეს, რომელშიც ეჭვი არ არის, ყველა სულს სრულად მიეზღვება იმის შესაბამისად, რაც მას მოუხვეჭავს, – და მათ არ შეეხებათ უსამართლობა (სიკეთეების დაკარგვით ან დაუმსახურებელი სასჯელის მატებით)?
თქვი: ღმერთო ჩემო, მფლობელო სამფლობელოთა! მას აძლევ ხელმწიფებას, ვისაც ინებებ და მას ართმევ ხელმწიფებას, ვისაც ინებებ; მას აწინაურებ, ვისაც ინებებ და მას აქვეითებ, ვისაც ინებებ; შენს ხელთაა სიკეთე ყოველმხრივი, ჭეშმარიტად, შენა ხარ ყოვლისშემძლე.
ღამე შეგყავს დღეში და დღე შეგყავს ღამეში*; და ცოცხალი გამოგყავს მკვდრისგან და მკვდარი გამოგყავს ცოცხლისგან**; და უთვალავ საზრდოს უწყალობებ მას, ვისაც ინებებ.
*ანუ ზაფხულში დღეებს აგრძელებ ღამის ხარჯზე და ზამთარში – ღამეებს აგრძელებ დღის ხარჯზე.
**იბნი მეს’უდი, სა’იდ ბინ ჯუბეირი, მუჯაჰიდი და ყათადე განმარტავენ: სიცოცხლე ჩნდება სპერმის მეშვეობით, რაც არ ფლობს სიცოცხლეს, ხოლო სპერმა გამოდის ცოცხალი არსებიდან; იქრიმე და ქელბიი განმარტავენ: ცოცხალი წიწილა გამოდის უსულო კვერცხისგან, ხოლო უსულო კვერცხი გამოდის ცოცხალი ფრინველისგან; ჰასანმა და ‘ატამ განმარტეს: მორწმუნე გამოდის ქააფირისგან, ასევე ქააფირი გამოდის მორწმუნისგან; ზეჯჯაჯი განმარტავს: მცენარე აღმოცენდება გამხმარი მარცვლიდან, ხოლო გამხმარ მარცვალს იძლევა ნედლი მცენარე. იხ. თაფსირუ ბეღავი.
არ დაიმეგობრონ მორწმუნეებმა ურწმუნოები, ნაცვლად მორწმუნეებისა, ხოლო მას, ვინც ამას იზამს, – აღარანაირი კავშირი ექნება ალლაჰთან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ფრთხილობთ მათმიერ ხიფათზე. და ალლაჰი გახსენებთ სიფრთხილეს მისდამი*, და ალლაჰთანაა საბოლოო მისაქციელი.
უთხარი: გინდ დამალეთ და გინდ გამოამჟღავნეთ, ალლაჰმა მაინც იცის იმის შესახებ, რაც გაქვთ გულებში; და ისიც იცის, რაცაა ცათა შინა და დედამიწაზე. ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
ყოველ სულს, იმ დღეს, – წინ დახვდება თავისი ნამოქმედარი, რაც თუ კარგი უკეთებია და ცუდი ჩაუდენია, და ინატრებს, რომ იმასა* და მას შორის იყოს უსასრულო სიშორე. ალლაჰი გახსენებთ სიფრთხილეს მისდამი; ალლაჰი თავის მსახურთა მიმართ უსაზღვროდ მწყალობელი და შემბრალებელია.
უთხარი*: ,,თუ გიყვართ თქვენ ალლაჰი, მაშინ მე გამომყევით, რათა უყვარდეთ ალლაჰსაც და მოგიტევოთ ცოდვები. ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი**".
*უთხარი იუდეველებსა და ქრისტიანებს, რომლებმაც თქვეს: „ჩვენ ღვთის შვილები და მისი მოყვარეები ვართ“; და წარმართებს, რომლებმაც თქვეს: „კერპებს სხვა არაფრისთვის ვეთაყვანებით, თუ არა ალლაჰთან სიახლოვის მოსაპოვებლად“; ასევე მათ, ვინც ცრუ რწმენებზე დაყრდნობით ალლაჰის სიყვარულს იჩემებს.
**როდესაც ეს აიათი ჩამოევლინა, მუნაფიყთა (ფარისეველთა) თავკაცმა აბდულლაჰ ბინ უბეიმ თავის მეგობრებს უთხრა: „მუჰამმედმა მისი სიყვარული ალლაჰის სიყვარულთან გაათანაბრა და გვიბრძანებს, ისე გვიყვარდეს იგი, როგორც ქრისტიანებმა გადააჭარბეს მერიემის ძე 'ისას მიმართ სიყვარულში“. მათ ასეთ საუბარს მოჰყვა მომდევნო აიათის ჩამოვლინება, სადაც ალლაჰმა მორწმუნეებს მისი და მისი შუამავლის მორჩილება უბრძანა. იხ. თაფსირუ ბეღავი.
უთხარი: ,,დაემორჩილეთ ალლაჰსა და შუამავალს", და თუ პირი იბრუნეს, ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს ურწმუნოები*.
*აბუ ჰურეირა გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ჩემი უმმეთიდან ყველა სამოთხეში შევა, გარდა იმისა, ვინც ამპარტავანია. იქ მყოფებმა იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო! ვინაა ამპარტავანი? მან უთხრა: ვინც ჩემი მორჩილია, ის სამოთხეში შევა, ხოლო ვინც მეურჩება, უეჭველად, ის ამპარტავნობს“ (ბუხარი, ი’თისამ 2/7280.).
აკი, იმრანის ქალმა თქვა: ღმერთო! ჭეშმარიტად, შენთვის შემომიწირავს ის, რაც ჩემს მუცელშია, ვინც, სხვა ყველაფრისაგან გათავისუფლებული, – მხოლოდ შენი მსახურებით დაკავდება. მაშ, მიიღე იგი ჩემგან. ჭეშმარიტად, შენა ხარ ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე.
და როცა დაბადა, თქვა: ღმერთო! ჭეშმარიტად, მე დავბადე მდედრიო. ალლაჰმა კარგად იცის, რაც დაბადა. ვაჟი არ არის მდედრის მსგავსი და მე მას დავარქვი მარიამი. ჭეშმარიტად, შემოგაფარებ შენ, – მასა და მის შთამომავლობას, – განდევნილი ეშმაკისაგან.
იყაბულა თავისმა ღმერთმა კეთილი ყაბულობით, აღზარდა იგი მშვენიერი მცენარესავით და დააკისრა მასზე მზრუნველობა ზექერიას. ყოველთვის, როცა ზექერია მიჰრაბში შედიოდა მასთან, – სარჩოს პოულობდა მის წინ. შეეკითხა: ,,ო, მერიემ, შენ ეს საიდან გაქვს?" უპასუხა: ,,ეს ალლაჰისგანაა". ჭეშმარიტად, ალლაჰი ურიცხვ სარჩოს უწყალობებს იმას, ვისაც ინებებს*.
*ზექერია მერიემის დეიდას ქმარი იყო. როგორც აიათშია მოცემული, წმინდა სამლოცველოს შეწირულ მერიემზე შუამავალი ზექერია მზრუნველობდა. მერიემისთვის სამლოცველოს შიგნით გამოყოფილი იყო პატარა ოთახი, სადაც ძირითად დროს ატარებდა. აიათში ეს ოთახი მოხსენებულია, როგორც მიჰრაბი. ზექერია როდესაც მერიემის სანახავად მიჰრაბში შედიოდა, მას იქ ხვდებოდა ხილი, რომელიც იმ არე–მარეში არ მოდიოდა. კიდევ უფრო გასაოცარი ის იყო, რომ ზამთრის ხილი ზაფხულში და ზაფხულის ხილი ზამთარში ხვდებოდა. იხ. თაფსირუ ბეღავი.
მაშინ თავის ღმერთს შეევედრა ზექერია*: ,,ღმერთო, მიწყალობე შენი წიაღიდან სპეტაკი შთამომავლობა. ჭეშმარიტად, შენ ხარ შემსმენი ვედრებისა".
*ზექერია შუამავალს არ ჰყავდა შვილი, თან ამ დროისათვის უკვე საკმაოდ ასაკოვანი იყო. ამიტომ ფიქრობდა, რომ მას შვილი აღარ გაუჩნდებოდა. ამ ამბის შემდეგ დაფიქრდა: ღმერთს, რომელმაც მარიამს სეზონის გასვლის მიუხედავად სხვადასხვა ხილეული უწყალობა, ჩემთვისაც შეუძლია, ასაკის გასვლის შემდეგ შვილი მიბოძოსო.
შემდეგ, როცა მიჰრაბში ლოცულობდა, ანგელოზებმა* შეატყობინეს: ჭეშმარიტად, ალლაჰი გმახარობლობს იაჰიას**, როგორც ალლაჰის მიერ მოვლენილი სიტყვის*** დამამოწმებელს, წინამძღოლს, თავშეკავებულს და მაცნეს სათნოთაგანო.
*მთავარანგელოზი ჯიბრილი.
**ამ სახელის დარქმევის მიზეზთან დაკავშირებით სწავლულებისგან რამდენი განსხვავებული შეხედულებაა გადმოცემული. სახელი იაჰია (يحيى) სიცოცხლეს ნიშნავს, აქედან გამომდინარე, იბნი აბბასის აზრით, ღმერთმა ეს სახელი იმიტომ დაარქვა, რომ დედამისის უნაყოფო და ხანდაზმულ სხეულში ახალი სიცოცხლე ჩაისახაო; ყათადეს აზრით, ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ალლაჰი მის გულს რწმენით აცოცხლებდაო; ზოგის აზრით, მას ეს სახელი დაერქვა, რადგანაც ის სიცოცხლის ბოლოს შაჰიდად აღესრულა, შაჰიდები კი ცოცხლებად ითვლებიანო. იხ. თაფსირუ ბეღავი. ქრისტიანულ წყაროებში მაცნე იაჰია მოხსენებულია, როგორც იოანე ნათლისმცემელი იხ. ლუკა, 1/5-24.
***უმრავლესობის მიხედვით აქ იგულისხმება ‘ისა ძე მერიემისა. ‘ისას ერთ-ერთი სახელია ალლაჰის სიტყვა, რადგანაც ის უმამოდ გაჩნდა ალლაჰის სიტყვით, როდესაც მას უბრძანა „გაჩნდი“ და ისიც გაჩნდა. აბუ უბეიდას აზრით, ეს არის ალლაჰის წიგნი და მისი აიათები. თუმცა არ არის გამორიცხული ორივეს ერთად გულისხმობდეს. იხ. თაფსირუ ბეღავი.
(ზექერიამ) თქვა: ,,ღმერთო, ნიშანი მომეცი". უთხრა: შენი ნიშანი ის არის, რომ სამ დღეს არ უნდა ესაუბრო ხალხს, გარდა მინიშნებებისა. ხშირად ახსენე შენი ღმერთი და მის უნაკლოებაზე იღაღადე დღის ბოლოსა და დასაწყისში.
აკი, ანგელოზებმა* უთხრეს: ეი, მერიემ! უეჭველად, აგირჩია შენ ალლაჰმა, განგწმინდა და სამყაროთა ქალებს შორის გამოგარჩია**.
*მთავარანგელოზმა ჯიბრილმა.
**მერიემის თავისი დროის ქალებისგან გამორჩეულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის განწმენდილი იყო დედათა წესის, ცუდი ზნეობისა და ცოდვებისაგან. მან უმამოდ, სასწაულებრივად გააჩინა შვილი. ის იყო ერთადერთი ქალი, რომელიც ღვთის სალოცავს მიუძღვნეს, როგორც თავისუფალი ღვთისმსახური.
(ო, მუჰამმედ!) ესაა (შენთვის) უხილავ ამბავთაგან, რომელსაც ვაჰით გაცნობებთ. არ ყოფილხარ შენ მომსწრე, როცა ისინი კალმებს ისვროდნენ იმის წილისყრისთვის, თუ რომელი იკისრებდა მერიემის მზრუნველობას; და არც მაშინ იყავი მათთან ერთად, როდესაც უთანხმოებდნენ.
აკი ანგელოზებმა* უთხრეს: ეი, მერიემ! ჭეშმარიტად, ალლაჰი გმახარობლობს თავის სიტყვას, რომლის სახელია მესიჰი ‘ისა ძე მერიემისა. იქნება ის ღირსეული ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც, და ერთ-ერთი – დაახლოებულთაგან (ღმერთთან).
– იგი ხალხს დაელაპარაკება აკვანშიც* და ზრდასრულ ასაკშიც**, და იქნება ერთ-ერთი სათნოთაგან.
*ახალშობილმა ‘ისამ (عليه السلام) სასწაულებრივად ამოიდგა ენა და მარიამის უმწიკვლოება ღაღად ჰყო, ასევე, მან განაცხადა, რომ ის იყო ალლაჰის მსახური; რომ ალლაჰი მას წიგნს უბოძებდა და მაცნედ აღამაღლებდა.
**ორიგინალი – „ქაჰლ“ (كهل): ეს სიტყვა ზრდისა და განვითარების დასასრულს მიღწეულ, ძალღონით სავსე ასაკობრივ პერიოდს გამოხატავს. არაბები ამ სიტყვით იმ ადამიანის ასაკობრივ მდგომარეობას აღნიშნავენ, ვინც 30-დან 40 წლამდე ასაკში იმყოფება. ზოგიერთი სწავლულის შეფასებით, „ქეჰლ“-ი 40-დან 50 წლამდე ასაკს გულისხმობს. აიათი გვამცნობს, რომ „ის ხალხს დაელაპარაკება როგორც აკვანში, ასევე ზრდასრულ ასაკშიც.“ სწავლულები რამდენიმე სავარაუდო განმარტბას გვთავაზობენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას შეიძლება მიგვანიშნებდეს ეს სიტყვები: 1. ღმერთმა ამით ‘ისას (عليه السلام) დედას, ანუ მარიამს ახარა, რომ მისი შვილი შუახნის ასაკამდე იცოცხლებდა; 2. ესაა მისი სამომავლო შუამავლობის წინასწარმეტყველება; 3. ეს აიათი გვესაუბრება სასწაულზე, მაგალითად, ჩვილის საუბარი ნამდვილად დიდი სასწაულია, ხოლო შუხნის ასაკში მყოფი ადამიანის საუბარი ჩვეულებრივი მოვლენა, რომ არა – მისი ზეციდან დაშვება და ხალხის კვლავ ჭეშმარიტებისკენ მოწოდება. ‘ისა შუამავალი დაახლოებით 30 – 33 წლის ასაკში ამაღლდა, ხოლო ქაჰლის პერიოდი ამის შემდეგ იწყება.
(გაკვირვებულმა) თქვა: ,,ღმერთო, როგორ მეყოლება ვაჟი, როცა კაცი არ შემხებია?" უთხრა: ასეა, – იმას გააჩენს, რასაც ინებებს; ალლაჰი, რის ქმნასაც გადაწყვეტს , – მხოლოდ ეტყვის მას: „იყავ!“ – და უმალვე შეიქმნება.
– და შუამავლად წარიგზავნება ისრაელის მოდგმასთან (და ეტყვის მათ): ჭეშმარიტად, თქვენთან მე თქვენივე ღმერთის სასწაულით მოვედი; ჭეშმარიტად, ტალახიდან შევქმნი ჩიტის გამოსახულებას, ჩავბერავ მასში სულს და ჩიტად იქცევა ნებით ალლაჰისა; და ალლაჰის ნებით განვკურნავ ბრმად დაბადებულებს, კეთროვნებს, გავაცოცხლებ მკვდრებს, გაუწყებთ, თუ რას მიირთმევთ და რას ინახავთ სახლებში. ჭეშმარიტად, ესენი თქვენთვის სასწაულებია, თუ ხართ თქვენ მორწმუნენი.
ასევე (მოვედი) იმის დამამოწმებლად, რაც იყო თევრათში ჩემამდე, და მათგან ნაწილის ჰალალად დამწესებლად, – რაც გქონდათ აკრძალული. სასწაულებით მოვედი თქვენივე ღმერთისგან, მაშ, რიდი გქონდეთ ალლაჰისა და მე დამემორჩილეთ.
როცა შეამჩნია მათში ‘ისამ ურწმუნოება, ჰკითხა: ,,ვინ იქნებიან ჩემი დამხმარენი ალლაჰისკენ მიმავალ გზაზე?" – მოწაფეებმა მიუგეს: ჩვენ ვართ ალლაჰის დამხმარენი*, ვირწმუნეთ ალლაჰი და დაამოწმე შენც, რომ ჩვენ ვართ მუსლიმები/მორჩილებიო.
*მისი ბრძანებებისა და აკრძალვების ერთგული შემსრულებელნი და მისი ჭეშმარიტების მქადაგებელნი.
ვერაგული მახე გაამზადეს*, და ალლაჰმაც გაამზადა მახე (ვერაგთა საწინააღმდეგოდ), და ალლაჰია საუკეთესო მათგან, ვინც მახე გაამზადეს (– ვერაგთავე საწინააღმდეგოდ რომ შეატრიალებს მახეს).
აკი, ალლაჰმა უთხრა: ეი, ‘ისა! მე ვარ შენი მომკვდინებელიც, ჩემს წინაშე ამამაღლებელიცა და ურწმუნოთაგან მხსნელიც*. ხოლო მათ, ვინც შენი მიმყოლია, უმაღლესვყოფ ურწმუნოებზე – დღემდე განკითხვისა, ბოლოს კი ჩემთან დაბრუნდებით და განვსჯი თქვენ შორის იმას, რაზეც უთანხმოებდით.
*როდესაც იუდეველები ‘ისას عليه السلام სიცოცხლის ხელყოფას მზაკვრულად გეგმავდნენ, ალლაჰმა ამ სიტყვებით ‘ისას ამცნო, რომ მას მხოლოდ ალლაჰი მოაკვდენდა და სხვა ვერას დააკლებდა. სწავლულთა უმრავლესობის განმარტებით, აიათში ხსნებული მოკვდინება, ზეცაში ამაღლება და ურწმუნოებისგან ხსნა–განწმენდა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არ არის მოთხრობილი. ისლამის სწავლების თანახმად, ‘ისა عليه السلام ზეცაში სულთან და სხეულთან ერთად, ცოცხალი ამაღლდა. ის ბოლო ჟამს დედამიწაზე დაეშვება და შემდეგ მოხდება მისი მოკვდინება ისე, როგორც სხვა ადამიანები კვდებიან. ასევე არის რამდენიმე განსხვავებული განმარტებაც, რომლებიც სიტყვა „მუთევეფფიიქე“-ს (متوفيك) შესაძლო სხვა მნიშვნელობებს ეყრდნობიან. ამ სიტყვის პირდაპირი და ძირითადი მნიშვნელობაა გარდაცვალება. გარდა ამისა, კონტექსტის მიხედვით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას შემდეგი მნიშვნელობებითაც: „სრულად აღება“ ან „დაძინება“. აღნიშნული მნიშვნელობებიდან გამომდინარე მუფესსირთა ნაწილი ფიქრობს, რომ აქ იგულისხმება ‘ისას عليه السلام დედამიწიდან სხეულითა და სულით მთლიანად აღება და ზეცაში ამაღლება, სწავლულთა ნაწილს კი მიაჩნია, რომ ‘ისამ عليه السلام ღვთის ნებით დაიძინა და მძინარე მდგომარეობაში მოხდა მისი ამაღლება. სურა ენ’ამ-ის 60-ე აიათში ალლაჰი ბრძანებს: „იგია, რომელიც გაკვდინებთ ღამით“, რაც იგულისხმობს: ,,იგია, რომელიც ძილს გგვრით ღამით".
ჭეშმარიტად, ალლაჰისთვის ‘ისას მდგომარეობა მსგავსია ადამის მდგომარეობისა: მიწისგან შექმნა იგი, შემდეგ უთხრა – „იყავ!“ – და იგიც იქმნა*.
*გადმოცემების თანახმად, ეს აიათი ნაჯრანელ ქრისტიანთა საპასუხოდ ჩამოევლინა. მათ გააპროტესტეს ‘ისას عليه السلام შესახებ ისლამის სწავლება, რომ ის ალლაჰის მსახური და შუამავალია. მათ მიაჩნდათ, რომ მისი ამგვარად შეფასება, მისი სტატუსის დაქვეითება და დამცირება იყო. ისინი ‘ისას عليه السلام უმამოდ გაჩენის ფაქტზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ის უფრო ღვთაება იყო, ვიდრე ადამიანი, რადგანაც ადამიანები უმამოდ არ ჩნდებიანო. სწორედ ამის საპასუხოდ ჩამოევლინა აღნიშნული აიათი, რომელიც მათ მცდარ შეხედულებას აბათილებს. ღმერთმა ადამი უმამოდ და უდედოდ გააჩინა, ასე რომ, მისთვის შეუძლებელი არაფერია და არც ‘ისას عليه السلام უმამოდ გაჩენა გაუჭირდებოდა.
ხოლო მას, ვინც იმის (‘ისას) შესახებ შეგედავოს, მას შემდეგ, რაც ცოდნა გებოძა, უთხარი: ,,მოდით, მოვუხმოთ ჩვენს ვაჟებსა და თქვენს ვაჟებს, ჩვენს ქალებსა და თქვენს ქალებს, და ჩვენცა და თქვენც მხურვალე ვედრება აღვავლინოთ, რათა ალლაჰის წყევლა ვაწიოთ მატყუარებს*".
*გადმოცემების თანახმად, ეს აიათი რომ ჩამოევლინა, შუამავალმა გაიყვანა თავისი ქალიშვილი ფატიმა, სიძე – ალი, შვილიშვილები – ჰასანი და ჰუსეინი, და ნაჯრანელ ქრისტიანებს აღნიშნული ვედრებისკენ მოუწოდა, რომლებიც ‘ისას შესახებ შუამავალს ეკამათებოდნენ, თუმცა ნაჯრანელებმა ეს ვერ გაბედეს. მათ ბოლოს ჯიზიას გადახდის პირობით მუსლიმთა მმართველობა აღიარეს.
უთხარი: ,,ეი, წიგნბოძებულნო! მოდით შევთანხმდეთ სიტყვაზე, რომელიც საერთოა ჩვენსა და თქვენს შორის, – რომ არავის ვეთაყვანოთ, გარდა ალლაჰისა; არაფერი ვუთანაზიაროთ და არ გავაღმერთოთ – ვინმემ ვინმე, – ნაცვლად ალლაჰისა". ხოლო თუ პირი იბრუნეს, მაშინ უთხარით: დაამოწმეთ, რომ ჩვენ ვართ მუსლიმები/მორჩილებიო*.
*ეს აიათი მაშინ ჩამოევლინა, როდესაც იუდეველებიც ამტკიცებდნენ, რომ იბრაჰიმი عليه السلام იყო იუდეველი და ჩვენ მისი გზის მიმდევრები ვართო, და ქრისტიანებიც ამტკიცებდნენ, რომ იბრაჰიმი عليه السلام იყო ქრისტიანიო.
აი, ისინი ხართ თქვენ, ვინც იმის შესახებ კამათობდით, რაც უკვე იცოდით, და რატომღა კამათობთ იმის შესახებ, რის ცოდნასაც არ ფლობთ?* ალლაჰმა იცის, თქვენ კი არ იცით.
*თქვენ ფლობთ მუსა, ‘ისა და მუჰამმედ შუამავლების عليهم السلام შესახებ ცოდნას, რომელიც თქვენივე წმინდა წიგნებშია მოცემული, მაგრამ მაინც ვერ თანხმდებით და არ გწამთ სათანადოდ; ამის მიუხედავად, იბრაჰიმ შუამავლის عليه السلام (რჯულის) შესახებაც კამათობთ, რომელზე ცოდნაც არ გაგაჩნიათ ან შედარებით ნაკლები იცით.
ჭეშმარიტად, იბრაჰიმთან ყველაზე ახლოს მყოფნი ის ადამიანები არიან, – ვინც მიმდევარია მისი; და ამ მაცნისა (მუჰამმედისა); და ისინიც, ვინც ირწმუნეს. ალლაჰი მეგობარია მორწმუნეებისა.
და არავის ერწმუნოთ მათ გარდა, ვინც თქვენი რჯულის მიმდევარია. (ო, მუჰამმედ) უთხარი: უეჭველად, ჭეშმარიტი გზა ალლაჰის მიერ მითითებული გზაა. რადგან სხვასაც (მუჰამმედს) მიეცა იმის მსგავსი, რაც (ერთ დროს) თქვენც მოგეცათ, ან რადგან გედავებიან და თქვენი ღმერთის წინაშე გამხელენ, – ასე იმიტომ იქცევით?* უთხარი: ჭეშმარიტად, მადლი ალლაჰის ხელთაა და უწყალობებს მას, ვისაც ინებებს. ალლაჰი უხვმწყალობია, ყოვლისმცოდნე.
*რადგან წინადადება პირდაპირ არ გვიჩვენებს, რომ ეს სიტყვები იუდეველებს ეკუთვნის თუ მუჰამმედ შუამავალს ﷺ, –შესაძლებელია აიათის ამ წინადადების ორი განსხვავებული მნიშვნელობით გაგება და შესაბამისად თარგმნა. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს იყო მუჰამმედ შუამავლის ﷺ სიტყვების გაგრძელება და ვთარგმნეთ შესაბამისად. მეორე ვერსიის თანახმად, ამ წინადადების თარგმანი იქნებოდა ასეთი: „არც ის ირწმუნოთ, რომ ვინმეს მიეცა იმის მსგავსი, რაც თქვენ მოგეცათ და არც ის, რომ გედავებიან და გამხელენ თქვენი ღმერთის წინაშე“.
წიგნბოძებულთა შორის არის ისეთი, ვისაც უთვალავი სიმდიდრე რომ მიანდო, – უკლებლივ დაგიბრუნებს; და მათგანაა ისეთიც, ვისაც ერთი დინარიც* რომ მიანდო, არ დაგიბრუნებს მას, თუ თავზე არ დაადექი. ასე იმიტომ იქცევიან, რომ მათ თქვეს: ცოდვად არ დაგვედება, თუკი უწიგნურებს წავართმევთო. და შეგნებულად ტყუიან ალლაჰის შესახებ.
ჭეშმარიტად, ვინც მცირე საფასურზე ყიდიან ალლაჰის წინაშე დადებულ აღთქმასა და ფიცს, – ისინი ვერანაირ ხვედრს ეწევიან იმქვეყნად; განკითხვის დღეს არ დაელაპარაკება მათ ალლაჰი, არც შეხედავს და არც განწმენდს, და მწარე სასჯელი – მათთვის!
ჭეშმარიტად, მათშია (წიგნბოძებულთა შორისაა) ჯგუფი, – თავიანთი ენით რომ ცვლიან (ღვთიურ) წიგნს, რათა წიგნიერად გეგონოთ (მათი სიტყვები), მაგრამ არ არის იგი (ღვთიური) წიგნისეული; და ამბობენ, რომ იგი ალლაჰისმიერიაო, თუმცა არ არის ალლაჰისმიერი, და შეგნებულად ტყუიან ალლაჰის შესახებ.
კაცმა, ვისაც ალლაჰმა წიგნი, სიბრძნე და შუამავლობა უბოძა, – გამორიცხულია, უთხრას ხალხს, რომ ალლაჰის ნაცვლად ჩემი მსახურნი იყავითო; არამედ (იტყვის): რასაც წიგნზე დაყრდნობით ასწავლით და მეცადინეობთ, მისი პირნათლად შემსრულებელი სწავლულნი იყავითო*.
*ეს აიათი ნაჯრანელი ქრისტიანების პასუხად ჩამოევლინა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ‘ისამ عليه السلام მათ მისდამი თაყვანისცემისკენ მოუწოდა და თითქოს ამიტომ გააღმერთეს იგი. იხ. თაფსირუ ბეღავი.
აკი, მაცნეებისგან აიღო აღთქმა ალლაჰმა, რომ თქვენთვის ბოძებული (ყოველი) წიგნისა და სიბრძნის შემდეგ თქვენთან მოვიდოდა (ახალი) შუამავალი, - დამმოწმებელი იმისა, რაცაა თქვენთან, – რომელზეც უთუოდ უნდა დაგეჯერათ და დახმარებოდით. (შემდეგ) უთხრა: ეთანხმებით და ღებულობთ ამ აღთქმას ჩემგან – თქვენზე პირობად წამოყენებულს? თქვეს: ვეთანხმებითო. თქვა: მაშ დაამოწმეთ და მეც ვიქნები თქვენთან ერთად დამმოწმებელიო.
ნუთუ ალლაჰის რჯულის გარდა სხვა რჯულსაც ეძებენ, როცა ნებით თუ უნებურად მას ჰმორჩილებს, რაც არის ცათა შინა და დედამიწაზე, და მასთან იქნებიან მიბრუნებულნი?
უთხარით: ვირწმუნეთ ალლაჰი და ის, რაც ჩვენზე ჩამოევლინა, და ისიც, რაც იბრაჰიმს, ისმა’ილს, ისჰაყს, ია’ყუბს და (მის) შთამომავლებს ჩამოევლინათ, რაც მიეცა მუსას და ‘ისას, და რაც მიეცათ მაცნეებს, თავიანთი ღმერთისგან. მათგან არცერთს არ განვასხვავებთ, და ჩვენ მორჩილნი/მუსლიმნი ვართ მისი.
როგორ უჩვენებს ალლაჰი სწორ გზას – ხალხს, რომლებმაც რწმენა უარყვეს მას შემდეგ, რაც ირწმუნეს, დაამოწმეს შუამავლის ჭეშმარიტება და მიიღეს ცხადი მტკიცებულებები. ალლაჰი უსამართლო ხალხს არ დააკვალიანებს ჭეშმარიტ გზაზე.
ჭეშმარიტად, მათ, ვინც უარყვეს რწმენა და დაიხოცნენ ურწმუნოდ, – დედამიწის ავსებამდე ოქროს გაღებაც რომ შეეძლოთ გამოსასყიდად, – არ მიიღება იგი არცერთი მათგანისაგან. სწორედ მათთვისაა მწარე სასჯელი და არავინაა მათი დამხმარე.
სიკეთეს* მანამდე ვერ ეწევით, სანამ არ გაიღებთ იმისგან, რაც ძალიან გიყვართ, ხოლო რა მოწყალებაც გაიღოთ, ჭეშმარიტად, იცის ალლაჰმა იმის შესახებ.
*იბნი აბბასი, იბნი მესუ’უდი და მუჯაჰიდი გადმოგვცემენ, რომ აღნიშნული სიკეთე არის სამოთხე, ხოლო მუყათილ ბინ ჰაიანის მიხედვით, აქ სიკეთეში იგულისხმება ღვთისმოშიშობა. იხ. თაფსირულ ბეღავი.
ისრაელის ძეთათვის თევრათის ჩამოვლინებამდე ყოველგვარი საჭმელი იყო ჰალალი, გარდა იმისა, რაც თავად აიკრძალა ისრაელმა (ი’აყუბმა). უთხრა: ,,მაშ, მოიტანეთ თევრათი და წაიკითხეთ, თუკი ნამდვილად გულწრფელნი ხართ*".
*გადმოცემების თანახმად, იუდეველებმა მუჰამმედ შუამავალს ﷺ უთხრეს: „შენ ამტკიცებ, რომ იბრაჰიმის عليه السلام გზას ადგახარ, თუმცა იბრაჰიმი عليه السلام არც აქლემის ხორცს მიირთმევდა და არც მის ნაწველს, ხოლო შენ მიირთმევ მათ. აქედან გამომდინარე, შენ არ ადგახარ იბრაჰიმის გზას; დღეს ჩვენ რასაც ჰარამად მივიჩნევთ, ის მაშინ იბრაჰიმისთვისაც عليه السلام ჰარამი იყო, ვიდრე ჩვენამდე არ მოაღწევდა.“ ამის საპასუხოდ ჩამოევლინა აღნიშნული აიათი, რომ აკრძალვა ია’ყუბმა عليه السلام თვითონ დაიწესა, მანამდე, ვიდრე ალლაჰი მუსას عليه السلام თევრათს ჩამოუვლენდა, ხოლო ეს აკრძალვა თევრათში ნახსენები არ არის. იხ. თაფსირულ ბაღავი.
ჭეშმარიტად, პირველი (სამლოცველო) სახლი, რომელიც ხალხისთვის იქნა აგებული, – ბექქაში (მექქაში) არსებული ბარაქიანი და სამყაროთათვის ჭეშმარიტი გზის მაჩვენებელი სამლოცველოა (მექქა)*.
*გადმოცემების თანახმად, ეს აიათი მაშინ ჩამოევლინა, როდესაც იუდეველები და მუსლიმები კამათობდნენ თავიანთი მთავარი სამლოცველოებისა და ლოცვის მიმართულების სიძვირფასეზე. იუდეველები ამბობდნენ, რომ იერუსალიმის სამლოცველო არის ჩვენი ყიბლა (ლოცვის მიმაერთულება) და ის უფრო ძვირფასი და უძველესია, ვიდრე ქააბა, რადგანაც ეს არის შუამავალთა დედაქალაქიო. მუსლიმები კი საპირისპიროს ამტკიცებდნენ. ამ აიათის ჩამოვლინებამ ცხადყო, რომ დედამიწის ზურგზე ერთადერთი ღმერთის თაყვანისცემისათვის აგებული პირველი სამლოცველო – ქააბა იყო.
მასშია ცხადი სასწაულები, ნადგომი* იბრაჰიმისა, და ვინც მასში შევა, ის იქნება უსაფრთხოდ. ადამიანებს, ვისაც იქ მისასვლელი გზის დაფარვა შეუძლიათ, ალლაჰისგან დაეკისრათ ამ სახლში ჰაჯობის შესრულება, ხოლო ვინც უარყოფს, ჭეშმარიტად, ალლაჰი იმდენად მდიდარია, რომ ის არაფერს საჭიროებს სამყაროთაგან.
*ორიგინალი – „მაყაამუ იბრაჰიიმ“ (مقام ابراهيم): მუფესსირთა უმრავლესობის აზრით, ეს არის ლოდი, რომელსაც იბრაჰიმ შუამავალი عليه السلام ქააბას კედლების მშენებლობის დროს შემოსადგომად იყენებდა. ეს ადგილი დღეს ქააბას გვერდით სპეციალური ნიშნითაა აღნიშნული და მომლოცველები იქ დადგომასა და ლოცვას ცდილობენ. სხვა ვერსიის თანახმად, აქ იგულისხმება მთელი მესჯიდი ჰარამის ადგილი და ჰაჯობის ღვთისმსახურების შესასრულებელი სხვა მნიშვნელოვანი ადგილები, როგორიცაა არაფატი, მუზდელიფა, ჯამარათი, საფა-მერვე და სხვა.
უთხარი: ეი, წიგნბოძებულნო! რატომ გინდათ, რომ სწორი გზა ალლაჰისა მრუდედ წარმოაჩინოთ და ააცდინოთ მისგან ისინი, ვინც ირწმუნეს, ამავე დროს, თქვენ მოწმენი ხართ ამისა; და ალლაჰი უგულისყურო არაა იმის მიმართ, რასაც თქვენ აკეთებთ.
როგორ არ უნდა ირწმუნოთ, როდესაც გეკითხებათ ალლაჰის აიათები და თქვენს შორისაა მისი შუამავალი? ვინც ალლაჰს (მის სარწმუნოებას) ჩაეჭიდება, მას ეჩვენება სწორი გზა, უსათუოდ.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! რიდი გქონდეთ ალლაჰისა, როგორც მას შეეფერება*, და ნუ აღესრულებით სხვანაირად, გარდა – მუსლიმებად/მორჩილებად.
*ჩაეჭიდეთ მის სარწმუნოებას, აღიარეთ მისი ერთობა და არაფერი უთანაზიაროთ; იყავით მისი მორჩილნი და არ იყოთ ურჩები; იყავით მისი მადლიერნი და არ იყოთ უმადურნი; გახსოვდეთ იგი და არ დაივიწყოთ.
ყველამ ერთად ჩაეჭიდეთ თოკს ალლაჰისა (ყურანსა და სუნნეთს) და ნუ დაიყოფით. გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე, როცა მტრები იყავით, მერე მან გულები მოგილბოთ ერთმანეთის მიმართ და მისივე წყალობით იქეცით ძმებად, მანამდე კი ცეცხლის უფსკრულის პირას იყავით და (ალლაჰმა) იქიდან გიხსნათ*. თქვენთვის ალლაჰი ასე ცხადყოფს თავის აიათებს, რომ იქნებ ჭეშმარიტ გზას დადგომოდეთ თქვენ.
*ისლამამდელ პერიოდში მედინაში არაბთა ორი წარმართი გვარი ცხოვრობდა – ევსი და ხაზრაჯი. ისინი ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ, ისლამის მიღების შემდეგ ამ გვარებს შორის ისეთი ძმობა ჩამოყალიბდა, რომ ერთმანეთს სიკეთეში ეჯიბრებოდნენ. ამ აიათებით ალლაჰმა მათ ის წყალობა შეახსენა, რომელიც ისლამის მეშვეობით დაიმსახურეს და გააფრთხილა, რომ წიგნბოძებულთა ცდუნებას არ აჰყოლოდნენ და ისევ ძველ ურჯულოებაში არ დაბრუნებულიყვნენ.
და ნუ იქნებით მსგავსი მათი, რომლებიც დანაწევრდნენ და უთანხმოებდნენ, მას შემდეგ, რაც მიუვიდათ ცხადი მტკიცებულებები; სწორედ მათთვისაა სასჯელი* უდიდესი.
*მუფესსირთა უმრავლესობა განმარტავს, რომ აქ იგულისხმებიან იუდეველები და ქრისტიანები, ხოლო ზოგიერთების აზრით, ესენი არიან ისლამის მიმდევარი მობიდათეები. იხ. თაფსირუ ბეღავი.
იმ დღეს, როდესაც გაბრწყინდებიან სახეები და გაშავდებიან* სახეები, – ვისი სახეებიც გაშავდება, მათ ეტყვიან: ნუთუ მას შემდეგ უარყავით, რაც უკვე ირწმუნეთ? მაშინ იგემეთ იმის სასჯელი, რასაც უარყოფდით**.
*განკითხვის დღეს მორწმუნეების სახეები გაბრწყინდება, ხოლო ურწმუნოებისა და ფარისევლების სახეები გაშავდება. იბნი აბბასმა თქვა: იმ დღეს სუნნეთის მიმდევართა სახეები გაბრწყინდება, ხოლო მობიდათეების სახეები გაშავდება. იხ. თაფსირულ ბეღავი.
**თუ გაჩნდა კითხვა, რომ ურწმუნოებს, რომლებიც არასდროს ყოფილან მორწმუნეები, რატომ ჰკითხავენ ასე? ამის პასუხად ნათქვამია, რომ აქ იგულისხმება წინასწარ დადებული აღთქმა, რომელიც ადამიანის გაჩენამდე მათმა სულებმა დადეს თავიანთი გამჩენის წინაშე. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: ესენი არიან მუნაფიყები, რომლებიც ენით მორწმუნეობას ამტკიცებდნენ, ხოლო გულით უარყოფდნენ. ‘იქრიმემ თქვა: ესენი არიან წიგნბოძებულნი, რომლებმაც ირწმუნეს თავიანთი მაცნეები და თავიანთ წიგნებში ნამახარობლევი მუჰამმედ შუამავალი ﷺ, ხოლო მისი შუამავლად წარმოგზავნის შემდეგ – უარყვეს იგი. იხ. თაფსირუ ბეღავი.
საუკეთესო თემად ხართ თქვენ მოვლენილი კაცობრიობისთვის: მოუწოდებთ სიკეთისკენ, გმობთ ბოროტებას და გწამთ ალლაჰი. თუკი წიგნბოძებულნიც ირწმუნებენ, ეს სწორედ მათთვის იქნება კარგი. არიან მათში მორწმუნეებიც, თუმცა მათი უმრავლესობა უღირსია.
– ვერას გავნებენ ისინი, გარდა შეწუხებისა, ხოლო თუკი გეომებიან, მაშინ (დამარცხებულნი) ზურგს მოგაქცევენ (და გაიქცევიან), შემდეგ კი აღარ გაეწევათ მათ დახმარება;
– სადაც არ უნდა იყვნენ, თავს დამცირება დაატყდებათ, გარდა – თუ ალლაჰის თოკს (სარწმუნოებას) ან ხალხის თოკს (მფარველობას) შეეკედლებიან. ალლაჰის რისხვა დაიმსახურეს და სიღარიბე დაატყდათ თავს. ეს იმიტომ, რომ უარყოფდნენ ალლაჰის აიათებს/სასწაულებს და ხოცავდნენ მაცნეებს უსამართლოდ. ეს იმისთვის, რასაც ურჩობდნენ და ზღვარგადასულობდნენ.
ყველა ერთი არაა წიგნბოძებულთაგანაც. მათ შორის არის მტკიცე ჯგუფი, ვინც ღამის საათებში ალლაჰის აიათებს კითხულობს და სეჯდეს აღასრულებს*.
*იბნი აბბასი და მუყათილი გადმოგვცემენ: როდესაც აბდულლაჰ ბინ სელამმა და მისმა მეგობრებმა ისლამი მიიღეს, იუდეველთა ხახამებმა თქვეს: მუჰამმედის ﷺ შუამავლობა მხოლოდ იმათ ირწმუნეს, ვინც ჩვენს შორის ყველაზე ცუდები იყვნენ. ასე რომ არ ყოფილიყო, ისინი თავიანთ წინაპართა რელიგიას არ მიატოვებდნენო. უზენაესმა ალლაჰმა ამის საპასუხოდ ეს აიათი ჩამოავლინა. იხ. თაფსირულ ბეღავი.
მათ სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი; სიკეთისკენ მოუწოდებენ, ბოროტებას გმობენ და ხეირიან საქმეებში ერთმანეთს ეჯიბრებიან. სწორედ ეგენი არიან სათნოთაგანნი.
მაგალითი, რასაც ისინი ამქვეყნიურ ცხოვრებაში სამოწყალოდ ხარჯავენ, – ჰგავს მაგალითს ყინულოვანი ქარიშხლისა, რომელმაც ეკვეთა და გაანადგურა – თავიანთი სულების მიმართ უსამართლო ხალხის ნათესები. ალლაჰი კი არ მოექცა მათ უსამართლოდ, არამედ საკუთარ სულებს თვითონ ექცევიან უსამართლოდ.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სხვას ნუ გაიხდით მესაიდუმლედ, გარდა თქვენიანისა, რადგანაც ისინი არაფერს დაიშურებენ თქვენს საზიანოდ, და ნატრობენ იმას, რაც ურთულესია თქვენთვის, და სიძულვილი გადმოდის მათი ბაგეებიდან, და ის უფრო დიდია, რასაც მათი გულები მალავენ. საკმარისად ნათელვყეთ თქვენთვის აიათები, თუკი გონს მოეგებით.
აი, გიყვართ თქვენ ისინი, მაგრამ მათ არ უყვარხართ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ სრულად გწამთ (ყველა ღვთიური) წიგნი; თქვენთან შეხვედრისას ამბობენ, ვირწმუნეთო, მაგრამ როდესაც განმარტოვდებიან, თითის წვერებს იკვნეტენ თქვენ მიმართ სიძულვილისგან. უთხარი: ,,დაიხოცეთ თქვენივე სიძულვილით". ჭეშმარიტად, უნაკლოდ იცის ალლაჰმა გულებში არსებულის შესახებ.
თუკი სიკეთეს გადაეყრებით , სამწუხაროა მათთვის, ხოლო თუკი უბედურება დაგატყდებათ, მაშინ – უხარიათ. და თუ მოითმენთ და ღვთისმოშიშობას გამოიჩენთ, ვერას გავნებთ მათი ვერაგობა. ჭეშმარიტად, ალლაჰი გარემოიცავს ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ.
აკი, შიშმა შეიპყრო* ორი ჯგუფი თქვენგან, არადა ალლაჰი იყო მათი შემწე. მორწმუნეები მხოლოდ ალლაჰს მიენდონ!
*უჰუდის ბრძოლაში შუამავალმა ﷺ მარჯვენა და მარცხენა ფრთებზე ხაზრეჯის ტომიდან სელემეს გვარის, ხოლო ევსის ტომიდან ჰაარისეს გვარის ხალხი განალაგა, რომლებიც მტერთან პირისპირ შეხვედრის და ბრძოლის შიშმა შეიპყრო. ბოლოს აბდულლაჰ ბინ უბეიმ, რომელიც 300 კაციან ჯარს ხელმძღვანელობდა, თქვა – საკუთარი თავი და შვილები რის გულისთვის ჩავაგდო საფრთხეშიო და ჯართან ერთად უკან დაბრუნდა.
*ბედირი – მექქასა და მედინას შორის მდებარე ადგილის სახელია, სადაც ჰიჯრეთის მეორე წელს მექქელ წარმართებსა და მედინელ მუსლიმებს შორის პირველი ბრძოლა გაიმართა. ამ ბრძოლაში წარმართთა ჯარი 950 მებრძოლს შეადგენდა, რომლებსაც თან ჰქონდათ სრული საბრძოლო აღჭურვილობა, ხოლო მუსლიმთა ჯარი 305 მებრძოლს ითვლიდა, რომელიც განიცდიდა იარაღისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის ნაკლებობას. მიუხედავად წარმართთა რიცხობრივი და აღჭურვითი უპირატესობისა, ბრძოლა მაინც მუსლიმთა სასარგებლოდ დასრულდა.
– რა თქმა უნდა (საკმარისია)! თუ მოითმენთ და რიდი გექნებათ, უეცრადაც რომ დაგესხნენ თავს, თქვენი ღმერთი (შემწედ) დანიშნული ხუთი ათასი ანგელოზითაც შეგეწევათ.
– სხვა არაფრისთვის უქმნია ეს ალლაჰს, გარდა სამახარობლოდ და დასამშვიდებლად თქვენი გულებისა. არანაირი შეწევნა არ არსებობს, გარდა ბრძენი და ძლევამოსილი ალლაჰისმიერობისა.
– (შუამავალო!) შენ არ გეკუთვნის ამ საქმის გადაწყვეტილება: ან მიიღებს მონანიებას, ან კიდევ, დასჯის მათ ალლაჰი. უთუოდ, – ისინი არიან უსამართლონი*.
*ენეს ბინ მაალიქი გადმოგვცემს, რომ უჰუდის ბრძოლაში ალლაჰის შუამავალს კბილი მოსტეხეს და თავი გაუტეხეს; ის ამ მდგომარეობაში სისხლს იწმენდდა და თან ამბობდა: „როგორ უნდა გადარჩეს ხალხი, რომელმაც შუამავალი დაჭრა და კბილი მოსტეხა; შუამავალი, რომელიც მათ ალლაჰთან ეპატიჟება.“ სწორედ ამ სიტყვების გამო ჩამოავლინა უზენაესმა ალლაჰმა ეს აიათი. იხ. მუსლიმ, ჯიჰად 37/1791.
ალლაჰისაა ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და რაცაა ქვეყანაზე. ის აპატიებს მას, ვისაც ინებებს და დასჯის მას, ვისაც ინებებს*. ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი.
*პატიება იქნება მისი წყალობის გამოვლინება, ხოლო სასჯელი –სამართლიანობის შედეგი.
და ისწრაფეთ თქვენი ღმერთის პატიებისა* და სამოთხისაკენ, რომლის უკიდეგანობაც ჰგავს ცებისა და დედამიწისას და გამზადებულია ღვთისმოშიშთათვის.
*ისწრაფეთ ისეთი მოქმედებების შესრულებისკენ, რომლებიც პატიების საწინდარია. იბნი აბბასმა თქვა, რომ ეს არის ისლამი. მისგანვეა გადმოცემული, რომ ესაა მონანიება; იგივე თქვა იქრიმემაც; ალი ბინ აბუ ტალიბმა თქვა: ესაა ფარძების შესრულება; დაჰჰაქმა თქვა, რომ ესაა ჯიჰადი; მუყათილის აზრით, ეს არის ყოველი კეთილი საქმე. იხ. თაფსირულ ბეღავი.
და მათ, ვინც ავზნეობა* ჩაიდინეს ან თავიანთ სულებს უსამართლოდ მოეპყრნენ და, (მაშინვე) ალლაჰი გაიხსენეს და პატიება შესთხოვეს თავიანთი ცოდვებისთვის, - ვინ აპატიებს ცოდვებს, თუ არა ალლაჰი? - თუ კვლავ არ დაიჟინებენ იგივეს შეგნებულად, რაც მათ ჩაუდენიათ.
*ორიგინალი–„ალ-ფაჰიშეთუ“ (الفاحشة): ძირითადად უზნეო საქციელს ნიშნავს, რომელიც მიუღებელია როგორც რელიგიური, ისე არარელიგიური საზოგადოებისთვის. ყურანსა და ზოგადად, ისლამის ლიტერატურაში, ეს ტერმინი მრუშობასთან ასოცირდება, თუმცა შესაძლებელია იგულისხმებოდეს მრუშობის გარდა სხვა უზნეო საქციელიც, ამიტომ ვთარგმნეთ, როგორც ავზნეობა. მუფესსირები ამ აიათში სიტყვა „ალ-ფაჰიშეთუ“-ს შემდეგნაირად განმარტავენ: ჯაბირის განმარტებით, აქ მრუშობა იგულისხმება, ხოლო საკუთარი სულების მიმართ უსამართლოდ მოპყრობა არის სხვა დანარჩენი, როგორიცაა ხვევნა-კოცნა, შეხება, შეხედვა და ა.შ.; მუყათილისა და ქელბის შეფასებით, აქ იგულისხმება მრუშობის გარდა სხვა ყველა ურთიერთობა, რაც არაა ჰალალი, როგორებიცაა – ხვევნა-კოცნა, შეხება, შეხედვა და ა.შ. ხოლო საკუთარი სულების მიმართ უსამართლოდ მოპყრობა არის სხვა დანარჩენი ცოდვები. ასევე ნათქვამია, რომ „ალ-ფაჰიშეთუ“ არის დიდი ცოდვები, ხოლო საკუთარი სულის მიმართ უსამართლოდ მოპყრობა – პატარა ცოდვები. იხ. თაფსირულ ბეღავი.
პატიებაა მათი საზღაური თავიანთი ღმერთისგან და სამოთხეები, რომლის ქვეშაც მდინარეები მიედინებიან, და იქ იქნებიან მარადჟამს... და რა მშვენიერია მშრომელთა საზღაური.
თქვენამდე მართლაც მრავალი წეს-ჩვეულება* გარდასულა. მაშ, ჩამოიარეთ დედამიწაზე და დაინახეთ, თუ რა ბედი ეწიათ ცრუდ შემრაცხველებს.
*ორიგინალი – „სუნენ“ (سنن): სიტყვა „სუნნეთ“-ის (سنة) მრავლობითი ფორმაა, რომელიც შემდეგი მნიშვნელობების მატარებელია: გზა, ბილიკი, ადათი, წეს-ჩვეულება, კანონი, სამაგალითო ნიმუში. მუფესსირები ამ აიათში სიტყვა „სუნენ“-ს რამდენიმე განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ: ატას აზრით, აქ იგულისხმება შარიათები; ქელბი: აქ იგულსიხმება ყველა თემისთვის განკუთვნილი გზა და მეთოდი, რომლის მიმდევართაგან ალლაჰი კმაყოფილი იქნებოდა; მუჯაჰიდი: თქვენამდე მართლაც ბევრმა წეს-ჩვეულებამ განვლო იმათი განადგურებით, ვინც იყვნენ ცრუდ შემრაცხველნი; ასევე, ერთ-ერთი შეხედულების თანახმად, აქ იგულიხმება სხვადასხვა თემი, რომლებიც აწ გარდასული შუამავლების მიმდევრები იყვნენ. იხ. თაფსირულ ბეღავი.
(უჰუდის ბრძოლაში) თუ ჭრილობები იგემეთ (ამით გული არ გაიტეხოთ), – ასეთი ჭრილობები სხვა ხალხსაც (მექელ ყურეიშელებს) უგემიათ (ბედირის ბრძოლაში).ადამიანებში ასეთ (მარცხიან) დღეებს მონაცვლეობით ვადგენთ ხოლმე, რათა ალლაჰმა გამოამჟღავნოს ისინი, რომლებმაც ირწმუნეს, და მოწმეები/შაჰიდები აიყვანოს თქვენ შორის. ალლაჰს არ უყვარს უსამართლონი (თუნდაც გძლიონ).
ასევე იმისთვისაა (ასეთი მარცხიანი დღეები), რომ ალლაჰმა განწმინდოს ისინი, ვინც ირწმუნეს, და გაანადგუროს ურწმუნოები*.
*თავს დამტყდარი უბედურებები მორწმუნეთათვის გამოცდაა. ვინც ამ გამოცდას მოთმინებით შეხვდება ან ვინც ალლაჰის გზაზე შაჰიდად დაეცემა, მათ ცოდვები ეპატიებათ. ნამდვილი და ცრუ მორწმუნენი (მუნააფიყნი) სწორედ განსაცდელის დროს გამომჟღავნდებიან. ამიტომ ასეთი დღეები მორწმუნეებს, როგორც ცოდვებისგან, ასევე ფარისევლებისგანაც განწმენდს; ხოლო ურწმუნოები თუ დაიხოცებიან, მათთვის ეს განადგურებაა, რადგანაც მათ ცოდვები არ მიეტევებათ.
თქვენ მართლაც ნატრობდით სიკვდილს (შაჰიდობას) მანამდე, ვიდრე (უჰუდის ბრძოლაში) მის წინაშე აღმოჩნდებოდით. უეჭველად, ხედავდით მას და შესცქეროდით*.
*გადმოცემების თანახმად, ვინც ბედირის ბრძოლაში მონაწილეობა ვერ მიიღეს, ისინი იმ დიდებული მადლის მოპოვების სურვილმა შეიპყრო, რაც შაჰიდებმა მოიპოვეს, ამიტომ ნატრობდნენ მსგავსი დღის გამეორებას, რომელშიც ალლაჰის გზაზე შაჰიდობის საშუალება მიეცემოდათ. მათ ნანატრი საშუალება უჰუდის ბრძოლაში გაუჩნდათ, თუმცა მათგან ნაწილი შედრკა და აქეთ-იქით მიმოიფანტა, ხოლო ნაწილმა მოთმინება გამოიჩინა და შეუპოვრად იბრძოდა. სწორედ ამ მოვლენის შესახებ ჩამოევლინა აღნიშნული აიათი, რომელიც გაქცეულებს კიცხავდა და მომთმენებს აქებდა. იხ. თაფსირუ ტაბერი.
მუჰამმედი სხვა არავინაა, თუ არა შუამავალი, უეჭველად, მასზე წინაც განვლეს შუამავლებმა; და თუ მოკვდა ან მოკლეს, მაშინ უკან მიბრუნდებით – თქვენივე ქუსლების მიმართულებით (ურწმუნოებაში)? და ვინც უკან მიბრუნდება თავისი ქუსლების მიმართულებით (ურწმუნოებაში), – ვერაფერს ავნებს იგი ალლაჰს. ალლაჰი – მადლიერებს დააჯილდოვებს.
შეუძლებელია, რომელიმე სული მოკვდეს ალლაჰის ნების გარეშე – განსაზღვრული დროისთვის დაწერილისა. ვისაც ამქვეყნიური სარგებელი სწადდეს, ჩვენ მას მივაგებთ მისგან, ხოლო ვისაც იმქვეყნიური ჯილდო სწადდეს, ჩვენ მასაც მივაგებთ მისგან და მადლიერებს დავაჯილდოვებთ.
რამდენ მაცნესთან ერთად იბრძოდა მრავალი ღვთისნიერი და არ შემდრკალან იმის გამო, რაც თავს დაატყდათ ალლაჰის გზაზე, არც სისუსტე გამოუვლენიათ და არც დანებებულან. ალლაჰს უყვარს მომთმენნი.
მათი სიტყვა სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა ეს ღაღადისი: ,,ღმერთო ჩვენო! გვაპატიე ჩვენი ცოდვები და გადაცდომები ჩვენს საქმეებში; ფეხები გაგვიმდგრადე და შეგვეწიე ურჯულო ხალხის წინააღმდეგ".
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი ურწმუნოებს დაემორჩილებით, მაშინ ისინი უკან მიგაბრუნებენ – თქვენი ქუსლების მიმართულებით (ურწმუნოებაში) და წაგებულებად გადაიქცევით.
შიშს ჩავაგდებთ ურწმუნოთა გულებში, რადგანაც ალლაჰს იმათ უთანაზიარებენ, რომელთა შესახებაც არანაირი მტკიცებულება არ ჩავლენილა მათთან. ცეცხლია მათი თავშესაფარი, და რაოდენ ცუდია უსამართლოთა სამყოფელი.
ჭეშმარიტად, ალლაჰმა ერთგულად აღგისრულათ თავისი აღქმა, როცა მისი ნებით ხოცავდით მათ, ვიდრე დაუდევრად მოიქცეოდით: კამათს დაიწყებდით მისი (შუამავლის) ბრძანების თაობაზე და სიურჩეს გამოავლენდით, მას შემდეგ, როცა გიჩვენათ ის (გამარჯვება), რაც ძალიან გინდოდათ. თქვენში არიან ისეთები, ვისაც სურს ეს ქვეყანა და თქვენში არიან ისეთებიც, ვისაც სურს ის ქვეყანა. გამოცდის მიზნით, ამ ყველაფრის შემდეგ (ალლაჰმა) მათგან უკუგაქციათ, მაგრამ ბოლოს მაინც შეგიწყალათ. ალლაჰი დიდი წყალობის მქონეა მორწმუნეთა მიმართ*.
*როცა მუსლიმებმა უჰუდის ბრძოლაში მარცხი განიცადეს, მედინაში დაბრუნებულმა დაიწყეს ბჭობა თუ რატომ დაემართათ ეს, მათ ხომ ალლაჰმა დახმარება აღუთქვა? ამ მდგომარეობის საპასუხოდ ეს აიათი ჩამოევლინა, რომელმაც მარცხის მიზეზები განმარტა. ალლაჰის შუამავალმა ﷺ უჰუდის ბრძოლის სტრატეგია შემდეგნაირად შეიმუშავა: უჰუდის მთა ზურგს უკან მოიქცია, პირით მედინასკენ დადგა. ამ პოზიციაში ‘აინეინის მაღლობი (შემდგომში მეისრეების მაღლობი) მათ მარჯვნივ რჩებოდა. შუამავალმა ﷺ აღნიშნულ მაღლობზე აბდულლაჰ ბინ ჯუბეირის სარდლობით 50 მეისრე განალაგა და უბრძანა, ზურგი გაგვიმაგრეთ; თუ დაინახავთ, რომ გავიმარჯვეთ და ნადავლის შეგროვებას შევუდექით, არ შემოგვიერთდეთ და არც ჩვენს დასახმარებლად ჩამოხვიდეთ, თუნდაც ხედავდეთ, თუ როგორ ვიხოცებითო. ბრძოლის პირველ ნაწილში მორწმუნეებმა წარმართებს სტრატეგიულად სძლიეს და ისეთი მარცხი აწვნიეს, რომ იძულებულნი შეიქმნენ, გაქცეულიყვნენ. წარმართთა ჯარის უკან გაქცევამ მეისრეების ნაწილს აფიქრებინა, რომ უკვე ბრძოლა დასრულდა და მათი მოვალეობაც დასრულებული იყო, რამაც მათ შორის კამათი გამოიწვია, უნდა დარჩენილიყვნენ თავიანთ პოზიციებზე თუ სულიერ ძმებს შეერთებოდნენ? მეისრეთა დიდმა ნაწილმა თავიანთი პოზიცია მიატოვა და დაბლა დაეშვა, ხოლო მაღლობზე აბდულლაჰ ბინ ჯუბეირი 10 მეისრესთან ერთად დარჩა. ამ დროს მტრის ჯარი უკან დაბრუნდა, მაღლობზე მყოფი 10 მეისრე დახოცა და მუსლიმთა ჯარი ალყაში მოაქცია. ამგვარად, მორწმუნეებმა უჰუდის ბრძოლაში მარცხი თავიანთი დაუდევრობის შედეგად განიცადეს, ხოლო ცოცხალი ვინც გადარჩა, ეს ალლაჰის წყალობა იყო მათთვის.
აკი (უჰუდის კალთებზე) აღმა გარბოდით და არავისკენ იხედებოდით, ხოლო შუამავალი უკნიდან გიხმობდათ, და მწუხარებაზე მწუხარება დაგემატათ, რომ არ დაღონებულიყავით იმისთვის, რაც დაკარგეთ ან თავს დაგატყდათ. ალლაჰი მცოდნეა ყოველივესი, რასაც თქვენ აკეთებთ*.
*ეს აიათი ბრძოლის მეორე ეტაპზე დამარცხებული მუსლიმების მდგომარეობას აღწერს, როდესაც ზოგი მათგანი უჰუდის კალთებისკენ გარბოდნენ, ზოგმა კი მედინისკენ აიღეს გეზი. ამ დროს ალლაჰის შუამავალი ﷺ ტალჰა ბინ უბეიდულლაჰთან და სხვა 11 საჰაბესთან ერთად მტრის წინააღმდეგ თავდაუზოგავად იბრძოდა და გაქცეულებს: „ალლაჰის მსახურნო ჩემსკენ გამოიქეცით, ჩემსკენ“-ო, უხმობდა. ამ ბრძოლაში 70-მდე მუსლიმი დაიღუპა და ბევრი დაიჭრა. გავრცელდა ხმები, რომ დაღუპულთა შორის მუჰამმედ შუამავალიც ﷺ იყო. ალლაჰის შუამავალმა ﷺ იქ წინა კბილი დაკარგა, ტუჩზე და ლოყაზეც ჭრილობები მიიღო. ამ ყველაფერმა მუსლიმთა ფიზიკურ მარცხს ფსიქოლოგიური მარცხიც დაუმატა, რამაც ჯარში პანიკა ჩამოაგდო.
მწუხარების შემდეგ (ალლაჰმა) თქვენში ძილის მომგვრელი სიმშვიდე ჩამოავლინა, რომელმაც ერთი ჯგუფი მოიცვა თქვენგან, ხოლო მეორე ჯგუფს მხოლოდ თავიანთი სულები ადარდებდათ. ისინი ალლაჰის შესახებ უსამართლოდ ფიქრობდნენ – უმეცრულ ფიქრებს აუყვნენ და ამბობდნენ: ,,განა ვფლობთ ჩვენ რამეს ამ საქმეში?" უთხარი: ჭეშმარიტად, ეს საქმე მთლიანად ალლაჰს ეკუთვნისო. (ისინი) თავიანთ სულებში მალავენ იმას, რასაც შენ არ გიმხელენ. (გულში) ამბობენ: ჩვენი ნებით რომ ყოფილიყო რაიმე ამ საქმეში, მაშინ აქ არ დავიღუპებოდითო. უთხარი: ,,საკუთარ სახლებშიც რომ ყოფილიყავით, ვისთვისაც სიკვდილი იყო დაწერილი, ისინი მაინც გავიდოდნენ იქ, სადაც უნდა დაღუპულიყვნენ". თქვენს მკერდებში არსებულის გამოსაცდელად და თქვენს გულებში არსებულის განსაწმენდად ჰქმნა ალლაჰმა ეს ყოველივე. ალლაჰი მცოდნეა თქვენი გულისხმისა*.
*უჰუდის ბრძოლაში, იმ საშინელი გარემოს, ჭრილობებისა და ტკივილების მიუხედავად, უზენაესმა ალლაჰმა გულწრფელ მორწმუნეებს მსუბუქი ძილი მოუვლინა, რითაც მათი გულები დაამშვიდა, შიში გაუქრო და უფრო გაამხნევა. როგორც აბუ ტალჰა გადმოგვცემს, ბრძოლის ველზე ძილმორეულობის გამო რამდენჯერმე ხმალი ხელიდან დაუვარდა (ბუხარი, თაფსიირ, ჰ.ნ. 4562.). ბუნებრივ მდგომარეობაში, ადამიანს ძლიერი შიშის გამო ძილი არც მიეკარება, თუმცა მორწმუნეები უზენაესმა ალლაჰმა ასეთი წყალობით დააჯილდოვა. ასეთ სიტუაციაში ძილის მორევა მათი გულების სიმშვიდეზე მეტყველებს. მაგალითად, უზენაესი ალლაჰი ენფაალ სურას 11-ე აიათში, ბადრის ბრძოლის შესახებაც იგივეს ბრძანებს: „მან თვლემა მოგგვარათ სიმშვიდედ“ იხ. თაფსიირუ იბნ ქესიირ. მუნააფიყები მორწმუნეებისგან განსხვავებით შიშით დაძრწოდნენ. ისინი მხოლოდ საკუთარ სულებზე და ნადავლის მოპოვებაზე ფიქრობდნენ.
ჭეშმარიტად, ორი ჯგუფის შეხვედრის დღეს, ვინც თქვენგან გაიქცნენ, ეშმაკმა აცდუნა ისინი ზოგი საქციელის გამო, რაც მათ ჩაედინათ. მართლაც აპატია მათ ალლაჰმა. ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, ლმობიერი*
*ომარ ბინ ხატტაბი უჰუდის დღეს ასე იხსენებდა: „უჰუდის დღეს მარცხი ვიგემეთ. მეც გაქცეულებს შორის ვიყავი. თავი უჰუდის კალთებს შევაფარეთ, ჯიხვებივით ავდიოდით მთის კლდოვან კალთებზე. მუჰამმედი დაიღუპაო, ხმები გავრცელდა. მე გავიძახოდი: „ვინც იტყვის,მუჰამმედი მოკვდაო, მას არ ვაცოცხლებ“. შემდეგ გაქცეულებმა მთის ფერდობზე შევიკრიბეთ. ეს აიათი სწორედ ამის შესახებ ჩამოევლინა“. იხ. თაფსირუ ტაბერი; ასევე, გაქცეულებს შორის იყო ოსმან ბინ აფფანიც. მან ერთხელ ასე უპასუხა იმ პიროვნებას, ვინც ამის გამო მას კიცხავდა: დიახ, ეგ ჩვენი შეცდომა იყო, თუმცა ალლაჰმა ეს გვაპატიაო. იხ. თაფსირუ რაზი.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ იქნებით მსგავსნი მათი, რომლებმაც არ ირწმუნეს და სამოგზაუროდ ან საბრძოლველად წასული თავიანთი ძმების შესახებ თქვეს: ჩვენთან ერთად რომ დარჩენილიყვნენ, არც მოკვდებოდნენ და არც დაიხოცებოდნენო. (ასე ამბობენ) რათა ალლაჰმა ეს სინანულად უქციოს თავიანთ გულებში. ალლაჰია მაცოცხლებელიც და მაკვდინებელიც, და ყველაფერს ხედავს ალლაჰი, რასაც თქვენ აკეთებთ.
ლმობიერი იყავი მათ მიმართ – წყალობით ალლაჰისმიერი. შენ რომ უხეში და გულქვა ყოფილიყავი, მაშინ ირგვლივ მყოფნი უთუოდ გაგეცლებოდნენ. მაშ, აპატიე, პატიება ითხოვე მათთვის და მათი აზრიც მოისმინე (ამქვეყნიური) საკითხების შესახებ. როცა რამეს გადაწყვეტ, მხოლოდ ალლაჰს მიენდე. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს მისდამი მინდობილნი.
ალლაჰი თუ დაგეხამრებათ, მაშინ ვერავინ დაგამარცხებთ; ხოლო თუკი დახმარებას შეგიწყვეტთ, მაშინ ვინაა ისეთი, ვინც ამის შემდეგ დაგეხმარებათ? მაშ, მხოლოდ ალლაჰს მიენდონ მორწმუნეები*.
*ალლაჰის მიმართ მინდობილობაა, როდესაც ალლაჰის გარდა არავის უხმობ მშველელად ან დამხმარედ, არვისგან ელი სარჩოს და არავის დასანახად არ მოქმედებ.
შეუძლებელია, მაცნე რამეს მალულად ღებულობდეს ნადავლიდან, ხოლო ვინც რამეს მალულად აიღებს ნადავლიდან, განკითხვის დღეს თან მოიტანს იმას, რაც აიღო*; შემდეგ ყველა სულს სრულად მიეზღვება იმის შესაბამისად, რაც მას მოუხვეჭია და ისინი არ გადაეყრებიან უსამართლობას (სიკეთეების დაკარგვით ან დაუმსახურებელი სასჯელის მატებით).
*ალლაჰის შუამავალი ﷺ ბრძოლის ველზე მონაპოვარ საბრძოლო იარაღებს, პირუტყვს და სხვა ნივთებს, რომელიც მტრის ჯარმა დაკარგა, სამართლიანად ყოფდა მუსლიმ მებრძოლებს შორის. ასეთ დროს ზოგიერთები ცდილობდნენ, მორწმუნეებს შორის ეჭვი ჩამოეგდოთ იმის შესახებ, რომ თითქოს შუამავალი ﷺ უსამართლოდ ყოფდა ნადავლს ან ზოგიერთი ნივთი წინასწარ თავისთვის აიღო, ვიდრე გაყოფდა. სწორედ ამ ცრუ ბრალდების საპასუხოდ ჩამოევლინა ეს აიათი. იხ. აბუ დავუდ, ჰ.ნ. 3971; თირმიზი, ჰ.ნ. 3009.
განა, ვინც ალლაჰის კმაყოფილების მიმყოლია, ის ისეთივეა, ვინც ალლაჰის რისხვა დაიმსახურა და ჯოჯოხეთია მისი თავშესაფარი? რა ცუდი სამყოფელია მათი საბოლოო მისაქციელი.
სხვადასხვა ხარისხს ფლობენ ისინი ალლაჰის წინაშე*. ყველაფერს ხედავს ალლაჰი, რასაც ისინი აკეთებენ.
*იბნი აბბასმა თქვა: ვინც ალლაჰის კმაყოფილებას დაემორჩილება, ის უაღრესად დიდ მადლს და წყალობას მიიღებს; ხოლო ვინც ალლაჰის რისხვას დაიმსახურებს, ისიც მწარე სასჯელს მიიღებს. იხ. თაფსირულ ბაღავი.
ჭეშმარიტად, წყალობა მოიღო ალლაჰმა მორწმუნეებზე, როდესაც თავიანთი წრიდან წარგზავნა მათთან შუამავალი, რომელიც უკითხავდა მის (ალლაჰის) აიათებს, განწმენდდა (ცრუ რწმენებისგან) და წიგნსა (ყურანს) და სიბრძნეს (სუნნეთს) ასწავლიდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მანამდე იყვნენ ცხად გზააცდენილობაში.
ნუთუ (უჰუდში) თავს დამტყდარ უბედურებას კითხულობთ, ეს საიდან გვეწვიაო? თქვენ ხომ (ბედირში) მათ ორჯერ მეტი უბედურება დაატეხეთ*. უთხარი: ეს (უბედურება) თქვენი მხრიდანაა**. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
*ბედირის ბრძოლაში მუსლიმებმა 70 წარმართი დახოცეს და 70 ტყვედ აიყვანეს, ხოლო უჰუდში წარმართებთან ბრძოლაში 70 მუსლიმი დაეცა შაჰიდად.
**მათ არ გაითვალისწინეს შუამავლის ﷺ ბრძანება და არ იმოქმედეს წინასწარ განსაზღვრული სამხედრო გეგმის შესაბამისად, რაც, საბოლოოდ, მარცხის მიზეზი აღმოჩნდა.
– და რომ გამოემჟღავნებინა ისინიც, ვინც ფარისევლობდნენ. უთხრეს: ,,წამოდით, ალლაჰის გზაზე იბრძოლეთ ან თავი დაიცავით". მათ მიუგეს: ჩვენ რომ ვიცოდეთ, ბრძოლა გაიმართება, აუცილებლად შემოგიერთდებოდითო. ისინი იმ დღეს, ურწმუნოებასთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე რწმენასთან. პირით იმას ამბობდნენ, რაც გულებში არ ჰქონდათ. უკეთ იცის ალლაჰმა, რასაც ისინი მალავენ.
მათ, ვინც (სახლებში) ისხდნენ და თავიანთ ძმებზე ამბობდნენ – ჩვენთვის რომ დაეჯერებინათ, არ დაიხოცებოდნენო, – უთხარი: ,,მაშ, სიკვდილი აიცილეთ თავიდან, თუკი მართლა ხართ გულწრფელნი".
– იმ სიხარულით აღსავსენი, რაც ალლაჰმა უბოძა თავისი წყალობის ნიშნად. და ახარებენ იმათ, რომლებიც მათ უკან იმყოფებიან (ცოცხლები) და ჯერ არ შეერთებიან, – რომ მათ არც შიში ელით, არცა მწუხარება.
– ალლაჰისა და მისი შუამავლის მოწოდებას მათ მაშინაც დადებითად უპასუხეს, როცა ჭრილობა და ტკივილი განიცადეს*. თითოეული მათგანისთვის, ვინც სიკეთეს აკეთებს და ვისაც ღვთის შიში აქვს, – საზღაურია უდიდესი.
*გადმოცემების თანახმად, მუსლიმებმა მარცხის შემდეგ ძალები ისევ შემოიკრიბეს და მექქასკენ მიმავალ წარმართთა ჯარს უკან დაედევნენ. მათ „ჰამრაუ’ლ-ასად“-მდე მისდიეს, ბოლოს უბრძოლველად უკან დაბრუნდნენ.
მათ, რომელთაც ხალხმა უთხრეს: უეჭველად, ხალხი თქვენს წინააღმდეგ შეიკრიბა და გეშინოდეთ მათიო,* – რწმენა შეემატათ და თქვეს: ,,ჩვენთვის ალლაჰი საკმარისია; რა კარგი ვექილია იგი".
*მექქასკენ მიმავალ წარმართთა ჯარს გზად ბედუინები შემოხვდათ, რომლებიც სხვადასხვა საჩუქრებით დაასაჩუქრეს და დააბარეს: „გზად მუჰამმედი თუ შემოგხვდა, უთხარი, რომ მის წინააღმდეგ ახალი ძალები უნდა შევაგროვოთ და აუცილებლად დავბრუნდებითო“. იხ. თაფსირუ ტაბერი.
ალლაჰის წყალობისა და მადლის მეშვეობით, ისინი უკან ისე დაბრუნდნენ, რომ ცუდი არაფერი მოსვლიათ და გაჰყვნენ – ალლაჰის კმაყოფილებას. ალლაჰი უდიდესი წყალობის მქონეა.
და ნუ დაგამწუხრებენ ისინი, ვინც მიისწრაფვიან ურწმუნოებისკენ. ჭეშმარიტად, ვერაფერს დააკლებენ ალლაჰს ისინი. ალლაჰს ნებავს, რომ არაფერი ერგოთ მათ იმქვეყნად; მათთვის მხოლოდ ტანჯვაა უდიდესი.
არანაირად არ იფიქრონ ურწმუნოებმა, რომ თუკი დავაცადეთ, კარგია ეს მათთვის*. უეჭველად, ჩვენ მათ დავაცადეთ, რათა უმატონ ცოდვებს, და მათთვისაა სასჯელი დამამცირებელი.
*ურწმუნოდ და უსამართლოდ ცხოვრება დავაცადეთ ამქვეყნად და მაშინვე არ დავსაჯეთ.
არარსებულია, ისე დატოვოს ალლაჰმა მორწმუნეები, რა მდგომარეობაშიც თქვენ იმყოფებით და არ განასხვავოს უსუფთური სუფთისგან*. და არარსებულია, ალლაჰმა უხილავი გაცოდინოთ, მაგრამ ალლაჰი იმას ირჩევს შუამავლად, ვისაც ინებებს. მაშ ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალნი. თუკი (ნამდვილად) გწამთ და (მისი) რიდი გაქვთ, თქვენთვისაა საზღაური უდიდესი.
*სწავლულები ამ აიათს ორნაირად მარტავენ: იბნი აბბასის, დაჰჰაქის, მუყათილის, ქელბისა და მუფესსირთა უმრავლესობის აზრით, აიათი მიმართავს ურწმუნოებს/ფარისევლებს, რომ ალლაჰი მორწმუნეებს არ დატოვებს იმ გზაზე, რომელზეც თქვენ ხართ და მათ აუცილებლად გამოარჩევს თქვენგანო. სწავლულთა ნაწილის აზრით კი ეს აიათი მიმართავს მორწმუნეებს, რომ ალლაჰი მორწმუნეებს ურწმუნოებთან/ფარისევლებთან შერეულს/განუსხვავებელს არ დატოვებს. ის სხვადასხვა სირთულეებით გამოსცდის მათ და აუცილებლად გამოარჩევს მორწმუნეებს ფარისევლებისგან, როგორც მოხდა უჰუდის ბრძოლაში. იხ. თაფსირუ ბეღავი.
და ნუ ეგონებათ იმათ, რომელნიც ძუნწობენ იმაში, რაც ალლაჰმა თავისი წყალობით უბოძა, – რომ ეს კარგია მათთვის; პირიქით, ეს მათთვის უბედურებაა. განკითხვის დღეს კისერზე შემოეხვევათ ის ყოველივე, რისთვისაც ძუნწობდნენ*. ალლაჰისაა ცათა და დედამიწის მემკვიდრეობა და მცოდნეა ალლაჰი იმ ყველაფრისა, რასაც თქვენ აკეთებთ.
*რაც დაიშურა ზაქათის ან მოწყალების სახით ალლაჰის გზაზე დასახარჯად, ის ყველაფერი განკითხვის დღეს გველის სახით კისერზე შემოეხვევა და დაკბენს ზევიდან ფეხების მიმართულებით, ან კისერზე ცეცხლის რგოლების სახით ჩამოეკდებათ. მუჯაჰიდი: ,,განკითხვის დღეს მას იმ ქონების მოტანა დაევალება, რაც დაიშურა"; იბნი აბბასი: ,,ეს აიათი იუდეველთა სწავლულების შესახებ ჩამოევლინა, რომლებმაც თავიანთ წიგნებში არსებული მუჰამმედ შუამავლის ﷺ დახასიათება დამალეს და ხალხისთვის ჭეშმარიტების განდობა დაიშურეს". იხ. თაფსირუ ბეღავი.
ვფიცავ, ესმა ალლაჰს მათი სიტყვები, რომლებმაც თქვეს: უეჭველად, ღარიბია ალლაჰი, ჩვენ კი მდიდრები ვართო*. ჩვენ ჩავიწერთ: იმას, რაც თქვეს; ამბავს მათ მიერ უსამართლოდ დახოცილი მაცნეებისას, და ვეტყვით: ,,იგემეთ მწველი სასჯელი".
*როცა ჩამოევლინა აიათი: „ვინაა ის, ვინც ალლაჰს საუკეთესო სესხს ასესხებს“ (ბაყარა, 2/245.), – იუდეველებმა თქვეს, რომ ალლაჰი ღარიბია ჩვენ კი მდიდრები ვართ და ამიტომ ითხოვს ჩვენგან სესხსო. იხ. თაფსირუ ბეღავი.
ვინც თქვეს:ჭეშმარიტად, ალლაჰმა გვიბრძანა, რომ არ გვერწმუნა (არც ერთი) შუამავალი, ვიდრე ჩვენთან არ მოვიდოდა შესაწირავით, რომელსაც (ყაბულობის ნიშნად ციდან ჩამოსული) ცეცხლი მიირთმევსო* , – უთხარი: ,,თქვენთან ჩემზე ადრე მართლაც მოვიდნენ შუამავალნი ცხადი მტკიცებულებებითა და იმით, რაც თქვით. მაშ, რატომ დახოცეთ ისინი**, თუკი ნამდვილად გულწრფელნი ხართ?"
*აიათი მაშინ ჩამოევლინა, როდესაც რამდენიმე იუდეველი მუჰამმედ შუამავალთან ﷺ მივიდა და უთხრა: ო, მუჰამმედ! შენ ამტკიცებ, რომ ალლაჰმა შუამავლად წარმოგგზავნა და წიგნი ჩამოგივლინა? – არადა ალლაჰმა თევრათში გვიბრძანა, რომ ისე არავის ვერწმუნოთ, ვინც ამტკიცებს, რომ ალლაჰის შუამავალია, –ვიდრე არ მოვა შესაწირავით, რომელსაც ცეცხლი შთანთქავს მისი შუამავლობის დასტურადო. იხ. თაფსირუ ბეღავი.
**ზაქარია, იაჰია და სხვა შუამავლები.
ხოლო თუ მაინც ცრუდ მიგიჩნიეს, – შენზე ადრეც ხომ მიიჩნიეს ცრუდ შუამავლები, რომლებიც ცხადი მტკიცებულებებით, წერილებითა და განმანათლებელი წიგნით მოვიდნენ.
ყოველი სული სიკვდილს იგემებს. ჭეშმარიტად, განკითხვის დღეს სრულად მოგეგებათ თქვენი საზღაური. და ვინც იქნება (ჯოჯოხეთის) ცეცხლისგან განრიდებული და სამოთხეში შეყვანილი, ის მართლაც მოგებულია. ამქვეყნიური ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სარგებელი – წარმავალი და მაცდური.
ვფიცავ, თქვენი ქონებითა და სულებით გამოიცდებით აუცილებლად. ვისაც თქვენზე ადრე წიგნი ებოძათ და ვინც არიან წარმართები, – უთუოდ ბევრი შეურაცხყოფა მოგესმებათ მათგან, ხოლო თუ მოითმენთ და (ალლაჰის) რიდი გექნებათ, ჭეშმარიტად, ეს მთელი მონდომებით შესასრულებელი საკითხებიდანაა.
აკი, ალლაჰმა აღთქმა დაადებინა იმათ, ვისაც წიგნი ებოძათ, რომ ხალხს აუცილებლად უნდა განუცხადოთ იგი (წმინდა წიგნი) და არ დამალოთო. თუმცა იმათ ზურგს უკან მოისროლეს იგი და მცირე ფასად გაყიდეს. რა ცუდია, რასაც ყიდულობენ.
არ გეგონოს, რომ სასჯელს გადაურჩებიან ისინი, ვინც ხარობენ თავიანთი ნამოქმედარით (ავი საქმეებით) და უნდათ, იმისთვის აქებდნენ, რაც არ გაუკეთებიათ. დიახ, არ იფიქრო მათზე ასე; – მწარე სასჯელია მათთვის.
– რომელნიც ალლაჰს მოიხსენიებენ – მდგომარენი, მჯდომარენი თუ მხარზე მწოლარენი*, და ცათა და დედამიწის გაჩენაზე ფიქრობენ. ღმერთო ჩვენო! ტყუილ-უბრალოდ არ გაგიჩენია შენ ეს ყოველივე! შენ ყოვლად უნაკლო ხარ! დაგვიფარე ცეცხლის სატანჯველისგან!
*ალი ბინ აბუ ტალიბის, იბნი აბბასის, ნახაა’ისა და ყათაადეს აზრებით, ამ აიათში იგულისხმება ნამაზი. ადამიანმა სავალდებულო ნამაზი თავისი ფიზიკური შესაძლებლობის შესაბამისად – მდგომარე, მჯდომარე ან მხარზე წამოწოლილ მდგომარეობაში, აუცილებლად უნდა შეასრულოს; ხოლო დანარჩენი მუფესსირების აზრით, ამ აიათში „ზიქრი“, ანუ ალლაჰის ქება-დიდებით მოხსენება იგულისხმება. მათ თავიანთი შეხედულების არგუმენტად სურა ნისას 103-ე აიათი მოჰყავთ. იხ. თაფსირუ ბეღავი.
ღმერთო ჩვენო! ჭეშმარიტად, მოგვესმა ჩვენ ხმა მქადაგებლისა, რომელიც რწმენისკენ მოგვიწოდებდა, რომ თქვენი ღმერთი ირწმუნეთო, და ჩვენც ვირწმუნეთ. ღმერთო ჩვენო! გვაპატიე ჩვენი ცოდვები, დაგვიფარე ჩვენ მიერ ჩადენილი უკეთურებანი და კეთილ ხალხთან ერთად მოგვაკვდინე!
ღმერთო ჩვენო! მოგვეცი ის, რაც შენი შუამავლების მეშვეობით აღგვითქვი და არ ჩაგვაგდო განკითხვის დღეს სამარცხვინო მდგომარეობაში. ჭეშმარიტად, არ დაარღვევ შენ აღთქმას.
თავიანთმა ღმერთმა დადებითად უპასუხათ: ჭეშმარიტად, არ დავკარგავ ღვაწლს მე თქვენსას, – არცერთი მშრომელისას – კაცი იქნება თუ ქალი, – თქვენ (სრულმქმნელი) ნაწილნი ხართ* ერთმანეთისა. ხოლო მათ, ვინც ჰიჯრა გააკეთეს (სარწმუნოების გამო), თავიანთი სამშობლოდან განიდევნენ, ჩემს გზაზე გასაჭირში აღმოჩდნენ, იბრძოლეს და დაიღუპნენ, – აუცილებლად დავუფარავ თავიანთ უკეთურობებს (წარსულში ჩადენილს). აუცილებლად შევიყვან მათ სამოთხეებში, რომელთა ქვეშაც მდინარეები მიედინებიან, – ალლაჰისმიერი ჯილდოს სახით. ჭეშმარიტად, ალლაჰთანაა ჯილდო – საუკეთესო.
*არაბულ ენაში ზმნები და სახელები მდედრობითი და მამრობითი სქესის მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმებით გამოიხატება. წმინდა ყურანის ზოგიერთ აიათში მოცემული ბრძანებები შეიძლება მამრობითი სქესის ფორმაში იყოს მოცემული, თუმცა ბრძანება ორივე სქესის წარმომადგენელზე ვრცელდებოდეს. ზოგიერთმა საჰაბემ ალლაჰის შუამავალს ﷺ უთხრა: ჩვენ ყურანის აიათებში ვხედავთ, რომ ალლაჰი ჰიჯრასთან დაკავშირებით მხოლოდ მამაკაცებს ახსენებს და ქალები არსად არ არიან ნახსენებიო. ამ ამბის შემდეგ ჩამოევლინა აიათის ის ნაწილი, სადაც ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ არც კაცს და არც ქალს არ დაეკარგება თავისი ღვაწლი, თქვენ ერთმანეთის სრულმქმნელი ნაწილები ხართ და ცოდვა-მადლის ან სასჯელისა და ჯილდოს საკითხში ყველანი თანაბარნი ხართო.
არ შეგაშინოს ურწმუნოების ერთი ქვეყნიდან მეორეში ძრწოლამ*!
*ეს აიათი იმ მუშრიქების შესახებ ჩამოევლინა, რომლებიც მუსლიმებისგან განსხვავებით ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, მშვიდად დადიოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში და ვაჭრობდნენ. ზოგიერთმა საჰაბემ თქვა, რომ ალლაჰის მტრები სრული სიმშვიდითა და ფუფუნებით ცხოვრობენ, ჩვენ კი გადარჩენისთვის ვიბრძვითო. იხ. თაფსირულ ბეღავი.
ხოლო მათთვის, ვისაც რიდი ჰქონდათ თავიანთი ღმერთის, – ალლაჰისგან, ნიშნად პატივისცემისა, – სამოთხეებია მომზადებული, რომელთა ქვეშაც მდინარეები მიედინებიან. იქ იქნებიან მარადჟამს. და რაც ალლაჰის წინაშეა, უკეთესია ის კეთილშობილთათვის.
ჭეშმარიტად, წიგნბოძებულთა შორის არიან ისეთნიც, ვისაც სწამთ ალლაჰი; რაც შენ ჩამოგევლინა და რაც მათ ჩამოევლინათ; შიში აქვთ ალლაჰისა და მცირე საფასურად არ ყიდიან* ალლაჰის აიათებს. სწორედ ისინი არიან, ჯილდოს რომ ფლობენ თავიანთი ღმერთის წინაშე. ჭეშმარიტად, ალლაჰი მსწრაფლანგარიშმგებია**.
*ამქვეყნიური ინტერესებისთვის არ ცვლიან ღვთიურ წიგნში მოცემულ ბრძანებებს და არ მალავენ მუჰამმედ შუამავლის ﷺ დახასიათებას, რომელიც მათთან არსებულ წერილებში იყო ნამახარობლები.
**იბნი აბბასი, ჯაბირი, ენესი და ყათადე გადმოგვცემენ, რომ ეს აიათი ეთიოპიის მეფის, ნაჯაშის შესახებ ჩამოევლინა; ატას შეხედულებით, ეს აიათი 40 ნაჯრანელის, 32 ეთიოპელის და 8 რომეალის შესახებ ჩამოევლინა, რომლებიც ‘ისა შუამავლის რჯულზე იყვნენ და მუჰამმედის შუამავლობა ﷺ ირწმუნეს. იხ. თაფსირულ ბეღავი.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მოითმინეთ, გამძლეობა გამოიჩინეთ, სრულ მზადყოფნაში იყავით* და ალლაჰის რიდი გქონდეთ, – იქნებ გადარჩეთ.
*ორიგინალი – „რააბიტუუ“ (رابطو): ეს სიტყვა წარმოებულია „რიბატ“ (رباط) ფუძიდან, რომლის ლექსიკონური მნიშვნელობაა დაბმა, მიბმა. ისლამის სწავლულები განმარტებისას აღნიშნულ აიათში არსებულ ბრძანებას, რომელიც „ვე რააბიტუუ“ ფორმითაა მოცემული, ორი მნიშვნელობით განმარტავენ:
1. მუსლიმთა უსაფრთხოების სადარაჯოზე საგუშაგო მორიგეობის ფხიზლად დაცვა. ამ მოქმედებას „რიბატი“ ეწოდება, რადგანაც გუშაგი ისე ერთგულად და ფეხისმოუცვლელად დგას სადარაჯოზე, რომ თითქოს იქ დაბმულია. ამ მნიშვნელობას ამყარებს სურა ენფაალის 8/60-ე აიათიც, სადაც მტრის ,,გულის გასახეთქად" მუდმივად ცხენებისა და სხვა საბრძოლო აღჭურვილობის გამზადებაა მოწოდებული. ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა:„ალლაჰის გზაზე ერთი დღე რიბატი, ანუ საგუშაგო მორიგეობის დაცვა უკეთესია, ვიდრე მთელი დედამიწა და მასზე მყოფი არსებები“ (ბუხარი, ჯიჰად 73/22892.); „ერთი დღე-ღამის რიბატში, ანუ საგუშაგო მორიგეობის დაცვაში გატარება უკეთესია, ვიდრე ერთი თვე მარხვა და ღამეების ღვთისმსახურებაში გატარება“ (მუსლიმ, იმან 50/1913.)
2. მთელი სულითა და გულით ღვთისმსახურებებზე, განსაკუთრებით კი ნამაზზე მიჯაჭვულობა, ყოველი შესრულებული ნამაზის შემდეგ მომდევნო ნამაზის მზადმყოფად მოლოდინი. ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ხომარ გასწავლოთ ისეთი რამ, რითაც ალლაჰი შეცდომებს წაშლის და ხარისხებს აამაღლებს?“ იქ მყოფებმა უთხრეს: რა თქმა უნდა, ალლაჰის შუამავალო. მან თქვა: „სირთულის მიუხედავად აბდესის აღება, მეჩეთისკენ მეტი ნაბიჯის გადადგმა და ერთი ნამაზის შემდეგ მომდევნო ნამაზის მოლოდინი. აი ესაა რიბატი“(მუსლიმ, ტაჰარეთ 14/251.). აიათში მოცემული „რაბიტუუ“ ბრძანება ვთარგმნე, როგორც სრული მზადყოფნა, რადგანაც ამით მუსლიმთა უსაფრთხოების სადარაჯოზე მზადყოფნაც შეგვიძლია ვიგულისხმოთ, ნამაზისთვის მზადყოფნაც და ზოგადად, ნებისმიერი ბრძანების შესრულების ან აკრძალულისგან მორიდებითვის მზადყოფნაც, რითაც მორწმუნე ალლაჰის კმაყოფილებას დაიმსახურებს.
Firo maanaaji al-quraan tedduɗo oo e ɗemngal jorji, ko heen wonaa e golleede e njiimaandi hentorde kanngemeeji firo - ina newnaa ƴellitaade e majji ko ɗi doge joyi
Contents of the translations can be downloaded and re-published, with the following terms and conditions:
1. No modification, addition, or deletion of the content.
2. Clearly referring to the publisher and the source (QuranEnc.com).
3. Mentioning the version number when re-publishing the translation.
4. Keeping the transcript information inside the document.
5. Notifying the source (QuranEnc.com) of any note on the translation.
6. Updating the translation according to the latest version issued from the source (QuranEnc.com).
7. Inappropriate advertisements must not be included when displaying translations of the meanings of the Noble Quran.
Njeñtudi wiɗto ngoo:
API specs
Endpoints:
Sura translation
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/sura/{translation_key}/{sura_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified sura (by its number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114)
Returns:
json object containing array of objects, each object contains the "sura", "aya", "translation" and "footnotes".
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/aya/{translation_key}/{sura_number}/{aya_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified aya (by its number sura_number and aya_number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114) aya_number: [1-...] (Aya number in the sura)
Returns:
json object containing the "sura", "aya", "translation" and "footnotes".